დავით ზალკალიანი ხორვატიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, მარია ბურიჩს შეხვდა

დავით ზალკალიანი ხორვატიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ევროპულ საქმეთა მინისტრს, მარია ბურიჩს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა, შემდგომშიც აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განსავითარებლად.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ხორვატიის ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ხორვატიის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებად დასახელდა ვაჭრობა და ეკონომიკა, ასევე, ხალხთაშორისი კონტაქტები. დადებითად შეფასდა მხარეებს შორის იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების ინტენსივობის აუცილებლობას.
დავით ზალკალიანის და მარია ბურიჩის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები