საქართველოს რუკა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე – “ეს ტურისტული სააგენტო ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”

საქართველოს რუკა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე – ერთ-ერთი რუსული ტურისტული კომპანიის საიტზე განთავსებულ რეკლამაში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ღირსშესანიშნაობებზეც არის საუბარი, ქვეყნის რუკა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშეა წარმოდგენილი.
უფრო კონკრეტულად კი, საუბარია რუსულ ტურისტულ კომპანია “5seasons-perm”-ზე. კომპანიას, რომელიც მოგზაურობის მსურველებს, მსოფლიოს მასშტაბით (მათ შორის, საქართველოს მიმართულებითაც) ტურებს სთავაზობს და წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაშიც ჰყავთ, საქართველოს შესახებ გავრცელებულ რეკლამაში, ქვეყნის რუკა დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გარეშე აქვს წარმოდგენილი.
კიდევ ერთი რუსული კომპანია “ტურაპიის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სარეკლამო რგოლში კი, რომლებშიც საქართველოს უნიკალურ ბუნებასა და საზღვაო კურორტებზეა საუბარი, არაფერია ნათქვამი აფხაზეთის შესახებ და მასში საუბარია იმაზე, რომ ტურისტებს, ზაფხულობით, ზღვით ტკბობა აჭარასა და გურიაში ​შეუძლიათ. პიარკონსულტანტი გიორგი კალატოზიშვილი “კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ტურისტულ კომპანია “5seasons-perm”-ი ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მისი თქმით, აღნიშნულზე უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინონ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა:
“იმ დროს, როცა საქართველოში ე.წ. მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება საქართველოს რუკა, რომელზეც წაშლილია რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლო და აფხაზეთი. ეს ტურისტული სააგენტო ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამაზე უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინონ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა. მით უმეტეს, რომ ზემოხსენებული კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულია საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი. ასეთი ქმედება სცდება ტურისტული სააგენტოს, ან ნებისმიერი სხვა ტიპის ორგანიზაციის სივრცესა და გაუფრთხილებლობას. მსგავსი აქტივობის მიზანია საზოგადოებაში არსებული განწყობების შესწავლა, კონკრეტული თემებისადმი საზოგადოების მგრძნობელობის, მისი მოთმინებისა და ელასტიურობის გაზომვა. ამასთან, სწორედ ასეთი შინაარსისა და ფორმის პოსტებზე დაწყებული დისკუსია აძლევს სპეცსამსახურებს შესაძლებლობას, გააანალიზოს და დაადგინოს სერიოზულ თემაზე არსებული უკმაყოფილების მასშტაბი, ან – პოტენციალი და, ნიადაგის მოსინჯვის შემდეგ, დაიწყოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევა”, -განუცხადა “კვირას” გიორგი კალატოზიშვილმა.
“კვირა” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ, მსგავსი შემთხვევის აღმოფხვრის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას აწვდის შემდგომი რეაგირებისთვის. “მსგავსი შემთხვევის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდის ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის. რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაბეჭდილ რუკებს – მითითებულია ერთიანი საქართველოს ტერიტორია და მონიშნულია ოკუპირებული რეგიონები, რომელსაც თან ახლავს ადმინისტრაციის ლოგო”, – განუცხადეს “კვირას” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
​ცნობისთვის, მანამდე რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გრაფიკულმა დიზაინერმა, ბლოგერმა და მოგზაურმა – არტემ ლებედევმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ერთიანი ტურისტული სიმბოლიკა შექმნა. როგორც დიზაინერის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ტურისტული ბრენდი ახალ შრიფტს – შვიდი მთის გამოსახულებას, მთის ლეოპარდის გამოსახულებასა და კონტრასტულ წრეებს აერთიანებს. უცნობია, კონკრეტულად, ვინ დაუკვეთა რუსეთში ცნობილ ვებდიზაინერს “სამხრეთ ოსეთისა” და ჩრდილოეთ ოსეთის ერთიანი ტურისტული სიმბოლიკის შექმნა. თუმცა, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში, ლებედევის სტუდია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ტურიზმის კომიტეტის წარმომადგენელს, ზაურ კოძაევსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი – ალანიას დე-ფაქტო რესპუბლიკის “საინფორმაციო ტექნოლოგიების და კავშირების” ხელმძღვანელს, ალან სალბიევს, “გაწეული დახმარებისა და პროექტში ჩართულობისთვის”, მადლობას უხდის.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები