ლადო პაპავა დაგროვებით პენსიაზე: ნებაყოფლობითი რომ იყოს, ფულს არავინ გადადებს

ეს რომ ნებაყოფლობითი იყოს, ჩათვალეთ, რომ ფულს არავინ გადადებს, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ დაგროვებითი პენსიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დაგროვებითი პენსიის რეფორმის დაწყება მთლიანობაში დადებითი ნაბიჯია, თუმცა არის სერიოზული ხარვეზებიც.
„ჩემი დამოკიდებულება ამ კანონთან დაკავშირებით მთლიანობაში პოზიტიურია, თუმცა შენიშვნებიც მაქვს.
ის თანხა, რომელსაც ასაკში მყოფი მოსახლეობა იღებს როგორც პენსიას , სინამდვილეში პენსია არ არის. ეს არის სოციალური დახმარება ასაკში მყოფი ადამიანებისთვის. პენსია არის ის, რასაც ადამიანი თავისი შრომითი საქმიანობიდან დააგროვებს წლების განმვალობაში. ეს რომ ნებაყოფლობითი იყოს, ჩათვალეთ, რომ ფულს არავინ გადადებს. გავიხსენოთ, არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოში არავის უნდოდა ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში რომ ყოფილიყვნენ მოქცეულები, მაგრამ, თანდათანობით მიხვდნენ, რომ ეს სასიკეთოა. განსხვავება ამ ორ სისტემას შორის არის ის, რომ ადამიანი ავად უფრო ხშირად ხდება, ვიდრე სიბერე ელის. სიბერე ელის შორის და ამიტომ, ძნელია 20, 30, თუ 40 წლის ადამიანს მოსთხოვო ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება 30-40 წლის შემდეგ. ამიტომ, იძულებითი მომენტი აუცილებელია.
2% არ არის ისეთი თანხა, რომელიც სერიოზულად დაეტყობა მოსახლეობას. რაც შეეხება დამქირავებლის 2 %-ს , აქ ერთმნიშვნელოვნად მინდა, გითხრათ, რომ დამქირავებლის მიერ გადახდილი 2 % არ არის გადასახადი. იმიტომ, რომ ეს თანხა მიდის არა ბიუჯეტში, არამედ საპენსიო ფონდში.
ერთი მომენტი, რაც არ მომწონს და რის მიმართაც კრიტიკულად ვარ განწყობილი, გახლავთ ის, რომ მხოლოდ ერთმა სუბიექტმა უნდა მიიღოს ეს თანხები. ანუ, ადამიანს არჩევანის შესაძლებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საპენსიო ფონდის შექმნა სწორია, მაგრამ ამის გარდა , ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიას უნდა მისცემოდა უფლება. თუ მომავალში მაინც გაკეთდება ისე, რომ იყოს არა ერთი ფონდი, არამედ რამდენიმე, ამით ჩვენ ადამიანებს არჩევანის უფლებას მივცემთ.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებულ 2 %-ს რაც შეეხება – ამის კი ნამდვილად არ მესმის, იმიტომ, რომ ჩვენი გადახდილი თანხიდან ასაკობრივ სოციალურ დამხარებას ისედაც ვაძლევთ მოსახლეობას და კიდევ 2 %-ს რატომ ვუმატებთ? ეს ჩემთვის, როგორც გადასახადის გადამხდელისთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
მთლიანობაში, ვთვლი, რომ საპენსიო რეფორმის დაწყება მთლიანობაში დადებითი ნაბიჯია, თუმცა არის სერიოზული ხარვეზები“- განაცხადა პაპავამ.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა.
40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი – სახელმწიფო.
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მისი პროექტი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის კანონის მიღებით შეიქმნა ახალი ტიპის საპენსიო სისტემა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ბოლომდე ვერ პასუხობს სამართლიანი და ღირსეული საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებას.
ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტით, რომელსაც საპარლამენტო კომიტეტები უკვე განიხილავენ, უნდა შეიქმნას მეორე საპენსიო სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს.
კერძოდ, დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ნაჩქარევად ამოქმედებულმა საპენსიო სისტემამ არაერთი ხარვეზი და პრობლემა აჩვენა, ამიტომ აუცილებელია მისი შეჩერება.
ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მოქმედი სისტემა უნდა შეჩერდეს, სანამ პარლამენტი არ განიხილავს პარტიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ მოდელს.
„ევროპული საქართველოს“ მოდელით, ყველა ასაკის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩართვის უფლება და თავად უნდა განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები