დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფი იქმნება

„საქართველოს რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფი იქმნება”, – აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გააკეთა.

„ჩვენ უკვე 2 წელია აქტიურად ვლობირებთ ამ საკითხს. დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის  სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რასთან დაკავშირებითაც დამატებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. დარწმუნებული ვარ, ის მიგნებები, რასაც სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება იმ პროცესში, რაც ორი წლის წინ დავიწყეთ. ჩვენ ასევე, დავიწყეთ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მხოლოდ დეზინფორმაციას არ მოიცავს, მაგრამ არის იმ დიდ სურათში, რასაც სტრატეგიული კომუნიკაცია ჰქვია. მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფრო მეტი ინფორმირებულობა.  დეზინფორმაციასთან გამკლავების ერთ-ერთი   გზა არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული ნარატივი. იმედი მაქვს, იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვუწყობთ ხელს და ვლობირებთ უკვე წლების მანძილზე, გამოიღებს იმ შედეგს, რა შედეგიც გვინდა, რომ გამოიღოს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

როგორც ,,კვირას” უწყებიდან აცნობეს, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ ახალი ინიციატივა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ წარუდგინა.

„კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხზე მუშაობას. საკითხი განსაზღვრულია კომიტეტის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით. კომიტეტის თავმჯდომარე პირადად არის ჩართული იმისთვის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების მექანიზმი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან გასამკლავებლად, იყოს ძალიან ეფექტიანად ამუშავებული იმ უწყებებში, სადაც   არის ეს ინსტრუმენტები შექმნილი”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 მისი თქმით, საკითხზე მუშაობისას  მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების სწორი კოორდინაცია.

„ის მთავარი გამოწვევები, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, ერთმანეთთან ძალიან ინტენსიურ კომუნიკაციის და კონკრეტული სტრატეგიის  საფუძველზე უნდა იქნას დანახული”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.  მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ზოგადად, პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით, რათა უფრო მეტად გამოჩნდეს ეს პროცესი უფრო დიდ სურათში. მისი თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება არამხოლოდ კომიტეტის წევრებისგან, არამედ მასში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ყველა   წევრმა, რომელსაც აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესი და სურვილი. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას ასევე ის ორგანიზაციები, ადგილობრივი ექსპერტები და სპეციალისტები მიიღებენ, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გამოცდილება და მოსაზრებები გააჩნიათ.

„მნიშვნელოვანია ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით კვლევებს ახორციელებენ, მოწვეული იქნან თემატური ჯგუფის მუშაობაში.  ასევე მნიშვნელოვანია, მათ მიერ დანახული, შეფასებული, გაანალიზებული პრობლემები, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება. თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში ჩვენ გვექნება კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთანაც, რომლებიც სფეროების მიხედვით  პასუხისმგებლები არიან ამ საკითხზე მუშაობისთვის. ერთობლივი პროცესი, რომელიც საპარლამენტო, აღმასრულებელი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით იქმნება, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პარლამენტი შეჯერდეს, საბოლოო, კონკრეტულ  რეკომენდაციებზე, რომელიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის რომ სახელმწიფო უწყებებმა ამ მიმართულებით იმუშაონ”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის.

 კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს სარატიფიკაციოდ რამდენიმე დოკუმენტი წარუდგინა.  მისი განმარტებით, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)” გათავისუფლების შესახებ” შეთანხმების მიხედვით, უქმდება  საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი სესხი.

2010 წლის 18 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)” №2 ცვლილების შეთანხმებას”  ხელი მოეწერა 2018 წლის 9 ნოემბერს. იგი ითვალისწინებს სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის დასრულების ვადის გაგრძელებას 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„2010 წლის 18 თებერვლის სასესხო ხელშეკრულების მიხედვით EBRD-მა საქართველოს გამოუყო 3 მლნ. ევრო აჭარაში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის და მისი ოპერირებისთვის საჭირო სათანადო აღჭურვილობისთვის. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შერჩეული ტერიტორია მოგვიანებით შეიცვალა, რადგან მისი მშენებლობა ეწინააღმდეგებოდა რეგიონის განვითარების სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგიას. ტერიტორიის ცვლილებამ და პროექტის დიზაინთან დაკავშირებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადის გახანგრძლივება 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი ამ თანხის ათვისება”, – განაცხადა მომხსენებელმა.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)”სასესხო შეთანხმების მიხედვით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს 15 მლნ. ევროს, რომელიც გადაეცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. „აღნიშნული ფინანსური რესურსით მოხდება ახალი ნაგავმზიდი და მექანიკური დამგველი მანქანების შეძენა, ნაჟური წყლის სისტემის რეაბილიტაცია და არსებული მყარი ნარჩენების გადაზიდვის სადგურის განახლება. პროექტის დასრულების თარიღია 2021 წელი. სესხის ხანგრძლივობაა 15 წელი, მათ შორის 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია  EURIBOR-ზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაკაურიძემ აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული სამი ხელშეკრულება წარმოადგინა.

მისი თქმით, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა 2010 წელს საქართველოსთან გააფორმა ჩარჩო ხელშეკრულება 300 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე.  მისივე განმარტებით, ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა 5 ქვეხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება პროექტები, მათ შორის: თბილისის მეტროს მშენებლობა,  მესტიის გზის რეაბილიტაცია, მესტიაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია, თბილისი-რუსთავის გზა და ა.შ.

„გასულ წელს მოხდა კიდევ ერთი პროექტის დამატება. ეს იყო თბილისის მეტროსადგურების ელექტროქსელისა და ვენტილაციის სისტემის რეაბილიტაცია. როგორც აღმოჩნდა ელექტროსადენების ღირებულება 12 მლნ დოლარი იყო თავდაპირველად გათვლილი თუმცა, მხოლოდ ელექტროქსელების შეცვლის ღირებულება, რაც კონტრაქტით გაფორმდა და გამოცხადდა ტენდერი შეადგენდა 10,6 მლნ. დოლარს. ვენტილაციაზე არ იყო საკმარისი თანხა და ეკონომიები რაც იყო ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში    იქიდან 5 მლნ. დოლარი მიემართება ვენტილაციის სისტემის შეცვლისთვის”, – განაცხადა მომხსენებელმა.  გიორგი კაკაურიძის განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ხდება ორ ხელშეკრულებაში  – ანაკლიის ნაპირდაცვის სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხის  გაუქმება. „ამ ეტაპზე ცვლილება არის მხოლოდ ის, რომ ანაკლიის სამუშაოებს ვიღებთ და ნაცვლად ერთი პროექტისა, მეორე პროექტიდან მოხდება დაფინანსება თბილისის მეტროში    ვენტილაციის სისტემების შეცვლის მიმართულებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა სხდომაზე  „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ” 1974 წლის ათენის კონვენციისა” და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ” ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმის” დენონსირების თაობაზე დოკუმენტი წარადგინა. „1974 წლის ათენის კონვენცია არის მოძველებული, ამიტომ გვინდა მოვახდინოთ მისი დენონსირება და მივუერთდეთ 2002 წლის ათენის კონვენციას”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი განმარტებით, შემოდის შემოდის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმი, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკარგვის ზიანის კომპონენტი.

„კერძოდ, მგზავრის შემთხვევაში ეს არის 21000 ევრო წინასწარი დეპონირების კომპონენტი, ხოლო ჯანმრთელობის და გარდაცვალების შემთხვევაში ეს გახლავთ 400 000 პირობითი ერთეული. პირობითი ერთეული განსაზღვრულია 1, 39 დოლარით. ამ 400 000-დან 200 000 დაზღვევის სავალდებულობა შემოდის საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისათვის. ასევე, იმ  საზღვაო საშუალებებისთვის რომლებიც ქართულ ნავსადგურებში შემოდიან”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, საკითხი მოიაზრებს ხანდაზმულობის ვადის 5 წლამდე გახანგრძლივებას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნანა ბერიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის”; „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის” და „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმებები წარუდგინა. მისი განცხადებით, ეს არის მთავრობათაშორისი შეთანხმებები, რომლებიც მიზნად ისახავენ მხარეებს შორის შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის პროცესში შექმნილი ან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვას. „აღნიშნული შეთანხმებებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავენ და წარმოადგენენ საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის საიდუმლო ინფორმაციის  მყარ სამართლებრივ საფუძვლებს”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განმარტებით, ეს შეთანხმებები არის მსგავსი და მოიცავს ისეთ დებულებებს, როგორიცაა ტერმინთა განმარტებები, კომპეტენტური ორგანოები, რომელიც საქართველოს მხრიდან არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;    საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება, გაცნობა მისი გაცვლა და ა.შ.

„ასეთი შეთანხმებების დადების მიზანია თანამედროვე გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების მოსახდენად პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის მყარი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება. აღნიშნული შეთანხმებები შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს შესაბამისი სხვა უწყებების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ისეთი ინფორმაციის გასაცვლელად, რომელიც ეხება თავდაცვის, უსაფრთხოების, დაზვერვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, მართლწესრიგის დაცვის და სხვა შესაბამის სფეროებს”, – განაცხადა ნანა ბერიძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა სხდომაზე „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შესახებ” შეერთების თაობაზე შეთანხმება წარადგინა. მისი განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება დადებული იქნა 2009 წლის 21 ოქტომბერს, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წელს. „მანამდე მოქმედებდა  2000 წლის 9 ოქტომბრის შეთანხმება, რომლის წევრსაც წარმოადგენს საქართველო. ამჟამად ხდება ჩვენი ქვეყნის მიერთება ახალ შეთანხმებაზე. „აღნიშნული ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების მიზანს წარმოადგენს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხელშეკრულებაზე ჩვენი ქვეყნის შეერთებით ხელი შეეწყობა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ამასთან, გვეძლევა შესაძლებლობა  რომ სრულფასოვანი წევრი იყოს და მიიღოს მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე მიმდინარეობს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აღნიშნული კომიტეტის მხარეებს წარმოადგენენ ალბანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, მონტენეგრო, სერბეთი, სლოვენია, უკრაინა, აშშ და მოლდავეთი.

ნუკრი გელაშვილმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებაც წარადგინა.

„ეს არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები ქმნიან შესაბამის გეგმებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა. საქართველო და გერმანია თანხმდებიან ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, როგორიცაა – უსაფრთხოება და სამხედრო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალების ინტეგრაცია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო კანონმდებლობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური დებულებები, შეიარაღებული ძალების შიდა სტრუქტურული ორგანიზაცია, შეიარაღების კონტროლის სამხედრო ასპექტები და სხვ”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა განხორციელდება თავდაცვის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების, ხელმძღვანელი სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტების განხორციელების გზით, სასწავლო კურსებს, პრაქტიკული ტრეინინგების, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობით და სხვ.

მომხსენებლის ინფორმაციით, ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.  „თუ მხარეს სურვილი აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან ხელშემკვრელ მხარეს 6 თვით ადრე უნდა აცნობოს ამის შესახებ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები