ეკა ბესელია ზარდიაშვილზე: როცა არც ერთ კურსზეა მისი კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, ნაკლებად შეუძლია, შეაფასოს ასეთი პროექტები

“ვინც საუბრობს კლასებზე, კურსებზე და აფასებს, ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს, ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
“ამ ცვლილებების გამო, იმდენად აღელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლობისტები, ჩანს, რომ ჩვენ ზუსტად მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს დროებით პაუზა, შეჩერება, მორატორიუმი, რათა არ ჩაიკეტოს მთელი სასამართლო სისტემა და არ მოხდეს ყველა მოსამართლის უვადოდ გამწესება და აზრი არ დაკარგოს მართლმსაჯულების რეფორმამ. დღეს მოვისმინე განცხადება – ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს, უშტატოდ, ისედაც ჰყავს ძალიან ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები, რომლებიც, სასამართლოს სახელით, პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე. ასე რომ, ისინი საკმარისზე მეტნი არიან. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, პარლამენტის წევრებს, რომ მათ დაიცვან საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციური სტატუსი. ჩვენს გადაწყვეტილებებში ნუ ჩაერევიან ის, ვისაც ამის უფლება არ აქვს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს: „პირველკურსელი იურისტიც კი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, სამართლებრივი ჩარჩოებიდან და კონსტიტუციის შინაარსიდან იმდენად გასულია. ეს პოლიტიკური წინადადება უფროა. ამას ხელს არცერთი თავმოყვარე იურისტი მოაწერს, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური. როგორც იურისტი, გეუბნებით, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”, -განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები