ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის, ასევე, სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთოს პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს როლს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველო მზად არის ეუთოსთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურებისთვის.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე სლოვაკეთსა და საქართველოს შორის, ასევე, ჩვენს თანამშრომლობაზე ეუთოსთან. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ კონფლიქტზე, გავამახვილეთ ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი ადამიანის უფლებების დარღვევის და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ ეუთოს როლს კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებში, როგორც, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის სტატუსის მქონე სუბიექტის როლს, და მზად ვართ, რომ გავააქტიუროთ მაქსიმალურად ჩვენი თანამშრომლობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„ჩვენი სურვილია, გავააქტიუროთ ის ფორმატები, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპირებულ რეგიონებთან, მათ შორის, ჟენევის ფორმატიც. ეს არის ჩვენი ინტერესი. რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებები, რომლებიც ხელოვნურად იქმნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ამიტომ არის საჭირო ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები