მიროსლავ ლაიჩაკი: ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მტკიცეა, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებაში

„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მტკიცეა, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებაში“, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სლოვაკეთის მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობის დევიზია „ხალხი, დიალოგი და სტაბილურობა” და შესაბამისად, ყველა არსებული პლატფორმა უნდა იქნეს გამოყენებული დიალოგისთვის და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სასიკეთოდ.
„ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც მიმოვიხილეთ აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება”, – აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოში ვიზიტის დასაწყისში საოკუპაციო ხაზი თავად მოინახულა სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო ვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც. ლაიჩაკის განცხადებით, სლოვაკეთმა აამაღლა საქართველოს სტატუსი სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფორმატში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები