„ქალები კავკასიიდან – ასმათ საღირიძის სამყარო” – გამოფენა გაიხსნება
12 თებერვალს, 18:00 საათზე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა – „ქალები კავკასიიდან – ასმათ საღირიძის სამყარო“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფ ასმათ საღირიძის ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულებული კავკასიაში მცხოვრებ ქალთა სამოსელის მინიატიურული კოლექცია.
ავტორის კვლევა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შეგროვებულ ვიზუალურ და ეთნოლოგიურ მასალას ეყრდნობა. ეს არის სხვადასხვა ფონდებიდან, არქივებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, საოჯახო ისტორიული ალბომებიდან, სამუზეუმო საცავებიდან, შუა საუკუნეების მინიატურებიდან, გასული საუკუნეების მოგზაურთა ჩანახატებიდან და ლითოგრაფიებიდან მოძიებული მასალა. ზოგიერთი სამოსის ფერი, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში, ასევე, სამეცნიერო ისტორიულ-ეთნოლოგიურ მასალებსა და აღწერილობების მიხედვითაა აღდგენილი.
ნამუშევრებში გამოყენებული ქსოვილები და აქსესუარების ფაქტურები ზედმიწევნით გადმოსცემს სამოსელის ხასიათსა და ქალების ეთნიკურ იდენტობას.
კავკასიის ხალხთა სამოსელის ჩვენთვის ნაცნობი კომპლექსები, მათი კონკრეტული ფორმები და სილუეტი ხანგძლივი ისტორიული პროცესების, მრავალსაუკუნოვანი ევოლუციისა და კულტურული ურთიერთგავლენის შედეგად ჩამოყალიბდა.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სტრატეგიული, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა აკავშირებს კავკასიის ხალხთან (სომხები, აზერბაიჯანელები, აფხაზები, ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები, ჩერქეზები, ადიღები, ყაბარდოები და ოსები).
ერთ გეოგრაფიულ არეალში მოქცეული კავკასიის მოსახლეობა სასაზღვრო ზოლით, ან საშუამავლო ტერიტორიული რგოლებით უკავშირდებოდა ერთმანეთს. საქართველოსთვის ასეთი საშუალო რგოლები იყო ყარაჩაი, ბალყანეთი, ოსეთი , ჩეჩნეთი და ინგუშეთი. ყაბარდოში გადასასვლელად, კი, მოსახლეობა, ძირითადად, დარიალის ხეობას, დვალეთზე გამავალ გზებს, აფხაზეთის, სვანეთისა და რაჭის უღელტეხილებს იყენებდა.
კავკასიური სამოსელის კომპლექსების კვლევა, კულტუროგენეზის ტერიტორიული ასპექტის გათვალისწინებით, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მოსაზღვრე ეთნოსების კულტურული ზეგავლენის ვექტორები და მათი ცვლილებების მიზეზები.
ერთიანობაში წარმოდგენილი კოლექცია კარგად ასახავს იმ მრავალფეროვნებას, თავისებურებებს, მსგავსებასა და განსხვავებას, რომლითაც ასე სავსე და მდიდარია კავკასია.
გამოფენა 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.