აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი: ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან

აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კარლოს ალფრედო ვეკიომ, საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდგომ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს:

,,არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ, მას შემდეგ, რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან. ჩვენ გვინდა, გავხსნათ ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მათთან ერთად ვართ და მათ საქმეს მხარს ვუჭერთ. მხარს დავუჭერთ საქართველოს და ვაღიარებთ, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“- განაცხადა კარლოს ალფრედო ვეკიომ.

როგორც ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, ალფრედო ვეკიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პოზიცია, ვენესუელასთან მიმართებით,  კიდევ ერთხელ დააფიქსირა. მისი განცხადებით, საქართველო მადუროს რეჟიმს არასდროს აღიარებს და აღნიშნა, რომ საქართველომ არ ცნო 2018 წელს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ცალსახად არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მისი თქმით, საქართველო ეროვნულ ასამბლეას აღიარებს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ხუან გაიდოს, როგორც დროებით პრეზიდენტს.

როგორც სეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს, რომ მომავალში საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს დაუბრუნდება, რაც ორ ქვეყანას შორის აღადგენს სრულფასოვან ურთიერთობას, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები