“განათლების სისტემაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რაც ახალგაზრდა პედაგოგების სკოლებში ჩართვის პროცესს უწყობს ხელს”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულად იზიარებს სამინისტროს ხედვას და იდეებს.
მისი განცხადებით, განათლების კუთხით მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი კონცეფცია, რომელიც საზოგადოების ნებისმიერი წევრის განვითარებას უზრუნველყოფს.
„ერთობლივი ძალისხმევით უნდა მომზადდეს განათლების ისეთი კანონი, რომელიც თითოეული ოჯახისთვის და ინდივიდისთვის იქნება გამჭვირვალე იდეოლოგია, სადაც ყველა იპოვის საკუთარ თავს და იპოვის განმავითარებელს მასში“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
პარლამენტის წევრმა დეტალურად ისაუბრა განათლების სისტემის ცალკეულ საფეხურებზე და განსაკუთრებულად გამოყო სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო კომპონენტი და მისი მნიშვნელობა, ზოგადი განათლება და ეროვნული სასწავლო გეგმა, არაფორმალური განათლება და მისი განვითარების მიმართულებები. გენადი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით და ამ კუთხით, განათლების სისტემაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რაც ახალგაზრდა პედაგოგების სკოლებში ჩართვის პროცესს უწყობს ხელს.
გამოსვლის დასასრულს პარლამენტის წევრმა ოლიმპიელი ბავშვების მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და მოსწავლეების და მათი პედაგოგების პარლამენტში მოწვევის ინიციატივა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები