„ახალგაზრდა ადვოკატები“ მეცნიერების საქმეზე თსუ-ის რექტორს პრინციპული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პრინციპული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კომენტარს იმსახურებს უნივერსიტეტის ადმინისტარციაში არსებული დისკუსია, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის რექტორი მზად არის, მეცნიერების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავა მორიგებით დაასრულოს, თუმცა რექტორის პოზიციას ეწინააღმდეგება თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნუნუ ოვსიანიკოვა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, არჩილ კუკულავა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სრულიად გაუგებარია უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან გამოთქმული პოზიციები. ამასთან, მეცნიერების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრება თსუ-ს რექტორს, რომლის სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებაც მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტი თსუ-ის რექტორთან დიალოგში განმარტავს, რომ წარმოებულ დავასთან მიმართებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი პოზიციები მყარია, ხოლო თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოტივაცია ეყრდნობა ტოლფასს თანამდებობებზე აღდგენის შემთხვევაში, მეცნიერების შესაბამისი შრომითი ანაზღაურების უქონლობას. ორგანიზაცია განმარტავს, რომ რექტორის პოზიცია, დავა მეცნიერებთან დაასრულოს მორიგების აქტის საფუძველზე, სწორი პოზიციაა, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და უზრუნველყოფს სამართლიანობის აღგენას მეცნიერების მიმართ. ამასთან, ორგანიზაცია ცალსახად აღნიშნავს, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებს თსუ-ს მმართველობით რგოლში მიმდინარე დისკუსიაში, ვინაიდან მეცნიერების საქმეს სამართლებრივი მტკიცების თვალსაზრისით, სრული პერსპექტივა გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნული საქმე პირადად რექტორის და უნივერსიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელი პირების ღირსებისა და პასუხისმგებლობის საკითხია.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების კანონიერების საქმეზე მორიგ სხდომას 2019 წლის 13 თებერვალს გამართავს. დავას ოთხი მოსარჩელე ჰყავს – ნინო ღამბაშიძე, ლოლა სარალიძე, რუსუდან ლაბაძე და მანანა ხვედელიძე, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და კონკურსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კი ერთდროულად არღვევს კანონს და მორალური ქცევის კოდექსს. მომდევნო სხდომაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და კომისიის სხვა წევრები დაიკითხებიან.

მოსარჩელე მხარე მოითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის No252/01-01 ბრძანება უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი – თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში ვალერიან ვაშაკიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ქეთევან ქუთათელიძისა და ალექსანდრე თვარაძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში არჩილ კოხრეიძის არჩეულად გამოცხადების ნაწილში, დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში ხათუნა იოსელიანის არჩეულად გამოცხადების ნაწილში. ამასთან, მოთხოვნილია სადავო ბრძანების მიღებისთვის წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილობა, მოსარჩელეების შესაბამის თანამდებობებზე დანიშნვა ან ტოლფასი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა, იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 აპრილს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის – მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამსახურში მისაღებად. ამავე ბრძანებით დადგინდა კონკურსში მონაწილე პირთა მიმართ მოთხოვნები, რომელიც სრულად დააკმაყოფილეს მოსარჩელეებმა. საკონკურსო შემადგენლობა დამტკიცდა 7 წევრის მონაწილეობით. 7 ივნისს, კომისიამ პროფესიული გამოცდილების შეუსაბამობის მოტივით, მოულოდნელად, უარი თქვა მოსარჩელეების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევაზე, მიღებული გადაწყვეტილება კი განსხვავებული აზრით გააპროტესტა თავად კომისიის ორმა წევრმა. 14 ივნისს, კომისიის აღნიშნულმა წევრებმა კონკურსში არსებულ ფუნდამეტურ დარღვევებზე განსხვავებული წერილობითი ფორმით მიმართეს თსუ-ის რექტორს. 28 ივნისს, თსუ-ის რექტორის ბრძანებით, კონკურსში გამოვლენილ დარღვევების შესასწავლად, შექმნა დროებითი კომისია გიორგი ოთხმეზურის, ვახტანგ ლიჩელის, ვასილ გონაშვილის, მორის შალიკაშვილისა და ზურაბ გაიპარაშვილის შემადგენლობით.

გიორგი ოთხმეზურის კომისიამ უარყოფითი დასკვნა მოამზადა, სადაც მკაფიოდ აღინიშნა, რომ არ ჩანდა, მოახდინა თუ არა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგების ურთიერთშეჯერება და ეფუძნებოდა თუ არა კომისიის გადაწყვეტილებები წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას. ასევე, იყო ბუნდოვანი და ოქმებიდან არ იკვეთებოდა კონკურსანტთა გამარჯვებულად გამოცხადების ან გამოცხადებაზე უარის თქმის შინაარსობრივი საფუძვლები და დასაბუთება. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. 2018 წლის 3 აგვისტოს თსუ-ს რექტორს მიეწოდა უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიც, რომელიც, აგრეთვე უარყოფითად და კრიტიკულად აფასებდა კომისიის გადაწყვეტილებებს. იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში აღინიშნა, რომ კომისიამ იმსჯელა მხოლოდ კანდიდატების გამოცდილებაზე და არ იმსჯელა სხვა კანდიდატების მიმართ უარის თქმის ნაწილში შინაარსობრივ შედარებით დახასიათებაზე.

სწორედ ამ პროცესის შემდეგ, 2018 წლის 20 სექტემბერს, საკონკურსო კომისიის სამმა წევრმა – ზურაბ ბრაგვაძემ, ხათუნა თოდაძემ და დარეჯან კლდიაშვილმა განცხადებით მომართეს თსუ-ის რექტორს და უარი განაცხადეს საკონკურსო კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე. უფრო ადრე კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა კომისიის წევრმა ნინო აბაკელიამ. საკონკურსო კომისიის მუშაობა შეწყდა და კომისია გახდა არაუფლებამოსილი, გადაწყვეტილებაუუნარო, რაც დადასტურდა კიდევ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თსუ-ის რექტორის მიმართ წარდგენილ 2018 წლის 21 სექტემბრის მოხსენებით ბარათში. ამის მიუხედავად, 2018 წლის 11 ოქტომბერს საკონკურსკო კომისია 5 წევრის მონაწილეობით მაინც შეიკრიბა, სადაც განიხილეს კონკურსში გასულ და არგასულ (დამარცხებულ) კონკურსანტთა გამარჯვების და გამარჯვებაზე უარის თქმის დასაბუთებები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით, კომისია ფაქტობრივად და რეალურად, შედგებოდა 3 წევრისგან: ზაზა აბაშიძე (თავმჯდომარე), ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა. დადგენილია, რომ კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.

დადგენილია, რომ 2018 წლის 21 სექტემბრიდან, კომისიას გადაწყვეტილებებისთვის სჭირდებოდა, სიითი უმრავლესობის მიხედვით, კომისიის 3 წევრის თანხმობა. სხდომას არ ესწრებოდა ომარ არდაშელია და ბეჟან ხორავა, რომელსაც ოქმს ხელი სხვა ვითარებასა და სხვა ადგილას მოაწერინეს. შემაჯამებელი ოქმის უკანონობაზე მიუთითებს კომისიის ყოფილი წევრების, არაუფლებამოსილი პირების ხელმოწერაც. კომისიის თავმჯდომარე სხდომაზე ერთპიროვნულად არ იყო უფლებამოსილი მიეღო რაიმე სახის იურიდიული გადაწყვეტილება. მეტიც, კომისიის მუშაობა ოფიციალური წესით დაედასტურებინა. შესაბამისად, არავითარი იურიდიული ძალმოსილება არ გააჩნია 2018 წლის 11 ოქტომბრის დამატებით ოქმს შემაჯამებელი ოქმისთვის, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თსუ-ის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება – უკანონოა.

ცნობისთვის: ნინო ღამბაშიძემ, ლოლა სარალიძემ, რუსუდან ლაბაძემ და მანანა ხვედელიძემ სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბერს მიმართეს. საქმეზე განსჯად კოლეგიად დადგინდა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომლის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. საქმის განხილვა 14:00 საათზე გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები