მარიამ ჯაში: დღეს პარლამენტის საქმიანობა პრაქტიკულად ეძღვნება განთლების სფეროს

„დღეს პარლამენტის საქმიანობა პრაქტიკულად ეძღვნება განათლების სფეროს და იქნება 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში“, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა პარლამენტში პლენარული სესიის დაწყებამდე განაცხადა.
ამასთან, მარიამ ჯაშის განმარტებით, დღეს დეპუტატებს საშუალება ექნებათ მოისმინონ თუ რა მოხდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში.
„ეს იქნება 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და საუბარი შეეხება იმ რეფორმებს, რომელიც დაანონსდა. დეტალურად ვისაუბრებთ საგამოცდო პროცესზე, ინფრასტრუქტურაზე, სკოლის უსაფრთხოებაზე. 19:00 საათზე კი უმცირესობის მიერ ჩანიშნულია კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად გავივლით ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევას. ჩვენ გვსურდა 28 დეკემბერს მოგვესმინა განათლების სამინისტროს გენინსპექციის სამსახურის ანგარიში, მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა არ მოგვცეს ამის საშუალება. დღეს კი მოხდება ქრონოლოგიური მოსმენა მინისტრისგან, თუ რა მოხდა“, – განაცხადა ჯაშმა.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ჯერ პლენარულ სესიაზე, შემდეგ კი კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, ია კერზაია განიცდიდა.
გარდა ამისა, ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები