ოთარ სირაძე: ახალი საბანკო რეგულაციები ეკონომიკის განვითარებას შეამცირებს და უმუშევრობას გაზრდის

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ სირაძე ახალ საბანკო რეგულაციებს ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მათ მიერ დაწესებულ არაგონივრულ საბანკო რეგულაციებს უნდა გადახედონ და გააუქმონ.

„2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი საბანკო რეგულაციები ამოქმედდა, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი იყო. ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეიძლება მოჰყოლოდა, რისი პირველი ნიშნებიც უკვე სახეზეა. მხოლოდ ერთი თვეა გასული ამ მავნე გადაწყვეტილებიდან და იგივე უკვე  სერიოზული პრობლემის შემქმნელი გახდა , როგორც ბიზნესისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ,  ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში 70%-ით შემცირდა, ხოლო 50%-ით სამშენებლო ბიზნესში, რაც გამოწვეულია მოქალაქეებისათვის სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

რეგულაციიდან გამომდინარე, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ეკონომიკის განვითარებას შეამცირებს და უმუშევრობას გაზრდის. განსაკუთრებით კი მძიმედ იმოქმედებს თვითდასაქმებულ ადამიანებზე, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

მთავრობისა და ეროვნული ბანკისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესს პრობლემებს შეუქმნიდა და მოქალაქეების მდგომარეობას გააუარესებდა, შესაბამისად, კანონის ამოქმედება გადაავადეს და ნაცვლად 1 ნოემბრისა, რომელიც ემთხვეოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, აამოქმედეს 1 იანვრიდან.

ეს გადაწყვეტილება თითქოს ჭარბვალიანობის შესამცირებლად მიიღეს, სინამდვილეში კი ვალი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ვინაიდან მოქალაქისთვის ფინანსური რესურსით სარგებლობა ხელმიუწვდომელი გახდა. შესაბამისად, იგი  კერძო გამსესხებლებს მიაკითხავს  და თანხის უფრო მაღალი პროცენტითა და უფრო კაბალური პირობებით აღება მოუწევს, რაც მეტად სავალალო შედეგს დააყენებს, ვიდრე დღეს გვაქვს.

უკვე დამდგარი საგანგაშო შედეგებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ,  საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა გადახედონ მათ მიერ დაწესებულ არაგონივრულ/მავნებლურ შეზღუდვებს და დაუყოვნებლივ გააუქმონ’’, – ნათქვამია ოთარ სირაძის განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები