რუსული საინფორმაციო პროპაგანდა ვაქცინაციის წინააღმდეგ – ამ ფაქტით საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტი“ დაინტერესდა

ჟურნალი „ლანცეტი“ ვაქცინაციის წინააღმდეგ ნეგატიურ რუსულ საინფორმაციო პროპაგანდას ეხმიანება.
ავტორიტეტული საერთაშორისო სამედიცინო გამოცემა, აღნიშნულ ქმედებას გამოუცხადებელ სისხლიან ომად აფასებს, რამდენადაც რუსეთი აღნიშნული საინფორმაციო პროპაგანდით უკრაინას მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ზიანს აყენებს.
სტატიის თანახმად, წითელას აფეთქებამ საქართველოსთან, სერბეთთან, იტალიასა და საბერძნეთთან ერთად, მნიშვნელოვნად დააზარალა უკრაინა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, 23 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთლიანად ევროპის რეგიონის შემთხვევების ნახევარზე მეტია. გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლის მხარდაჭერით, სოციალურ ქსელებში შექმნილი ანგარიშებით ფართოდ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წითელას, წითურას და ყბაყურას ვაქცინის შესახებ, წითელას აფეთქების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. 23 აგვისტოს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ რუსული „ტროლები“ ახდენდნენ რეალური მომხმარებლების “მასკირებას” და ნერგავენ ცრუ წარმოდგენებს ვაქცინაციის შესახებ, რამაც ძლიერ შელახა საზოგადოების მაღალი წარმოდგენა ვაქცინაციის პროგრამების მნიშვნელობაზე. „ვაქცინაციის მაჩვენებლის ვარდნა 2008 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკრაინაში ბავშვთა 95%-მა მიიღო წითელას ვაქცინის მეორე (საბოლოო) რეკომენდირებული დოზა. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 31% იყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვაქცინაციის მონაცემი კვლავ იზრდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით 85%-მდე აღწევს, მაინც იმ საჭირო ზღვარს ქვემოთაა, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის მყარი იმუნიტეტისთვის”, – ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალ „ლანცეტში“, ასევე უკრაინის მაგალითზეა განხილული იმუნიზაციის წინააღმდეგ რუსული გავლენის შედეგები, სხვა არაერთ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებზე ვაქცინაციის მიმართულებით: „2016 წლის მონაცემების მიხედვით, სხვა დაავადებებზეც იმუნიზაციის მაჩვენებელი დაბალია: ბავშვთა მხოლოდ 19%-ს ჩაუტარდა მესამე სავალდებულო ვაქცინაცია დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის წინააღმდეგ და მხოლოდ 56%-მა მიიღო პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა. დაბალია B ჰეპატიტზე ახალშობილთა და მესამე დოზით ვაქცინაცია, შესაბამისად, 37%-იანი და 26%-იანი მაჩვენებლებით. ჯანმო-ს მონაცემებით, უკრაინის 45 მილიონიანი მოსახლეობის 3-5% C ჰეპატიტითაა ინფიცირებული. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უკრაინა აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით რიგით მეორე ქვეყნად რჩება. „უკრაინაში არსებული მდგომარეობა არაერთ ფაქტორს მოიცავს, თუმცა დასავლელმა ლიდერებმა და უკრაინის მთავრობამ ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთონ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მეტი ძალისხმევა მიმართონ აღმოსავლეთ რეგიონში სისხლიანი კონფლიქტის შეჩერებისკენ“, – ნათქვამია სტატიაში.

https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(18)31984-6/fulltext?fbclid=IwAR3bGIsepGgx_rMkooHgDyHSN299WrfcKZI6Oqm0tsuvLwm-Y-gLqJLN3Hs

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები