“მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის”
ყველა ვთანხმდებით, რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ქვეყნისთვის.
“რამდენიმე თვის წინ იყალთოს აკადემიაში ჩვენ დავაანონსეთ განათლების სისტემის სრულმასშტაბიანი რეფორმა და განათლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ.
ყველა ვთანხმდებით, რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. დღეს, როდესაც საქართველო მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში ადგილის დასაბრუნებლად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება განათლების მნიშვნელობა და ქვეყანაში განათლების მაღალი, ევროპული სტანდარტის დამკვიდრება.
საქართველოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა. ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლ-კარიდან დევნილი მოსახლეობა, სიღარიბე, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა სხვადასხვა სექტორში და ჩემი შეფასებით და ჩემი ღრმა რწმენით, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე არის ძლიერი განათლების სისტემის შექმნა და გაზრდილი ადამიანური კაპიტალი. ადამიანური კაპიტალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო განვავითაროთ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით.
მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.