აკაკი ზოიძე: 2018 წელი საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იყო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობის შეფასებისას აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების კუთხით, გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო.
„საქართველოს კონსტიტუციამ და პარლამენტის რეგლამენტმა პარლამენტი ახალი ქმედითი ბერკეტებით აღჭურვა, არამხოლოდ საკანონმდებლო პროცესის სრულყოფისა და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიმართ, არამედ პარლამენტის მესამე კონსტიტუციური პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა, რაც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დამტკიცება და შექმნაა“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ.
აკაკი ზოიძემ კომიტეტის სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ დარგის სპეციალისტების ჩართულობით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით გრძელვადიანი ხედვა მომზადდა. მისივე ინფორმაციით, კომიტეტი ამჟამად იმ ინიციატივებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერდა, აქტიურად მუშაობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით და მათი კონცეფციის ფორმით დამტკიცება გვსურს. რეფორმის ძირითადი არსი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა, ასევე, წამლებზე დანახარჯების ფაქტორების მოხსნა იქნება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები