მიხეილ ყაველაშვილი: ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის რეფორმის მომზადებაში კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2018 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, ისაუბრა. კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმასთან ერთად მომხსენებელმა მნიშვნელოვანი ინიციატივები და გამოწვევები გამოყო.
„მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერმინისტრმა ჩვენი წინადადება გაითვალიწინა და ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის რეფორმაზე, რომლის მომზადებაში კომიტეტიც აქტიურადაა ჩართული, მუშაობა დაიწყო. რეფორმის შედეგად სააგენტო შეიქმნება და ის კითხვები და გამოწვევები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან სექტორში არსებობს, ძალიან მალე სამოქმედო გეგმაში გამოიკვეთება და ახალი ინიციატივები გატარდება“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2018 წელს საქართველოს რეგიონებში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვების ფორმატში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქმული ინიციატივები და შენიშვნები, რომელიც უახლოეს პერიოდში პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეცემა, კანონპროექტის ახალ რედაქციაში აისახება. მიხეილ ყაველაშვილი კომიტეტის ერთერთ პრიორიტეტს შეეხო და განაცხადა, რომ მასობრივი სპორტის განვითარება და მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდა, კომიტეტის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
„კომიტეტის სახელით პრემიერმინისტრს რეკომენდაციით მივმართე, რათა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმის და სპორტული ობიექტების მართვის ეროვნული გეგმის მომზადება დაიწყოს. ამ ინიციატივის განხორციელებით ჩვენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას, შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მათი ეფექტური მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას შევძლებთ. კომიტეტი ასევე მუშაობს რეფორმაზე, რომელიც სპორტულ ფედერაციებში კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, რაც სპორტსმენთა უფლებების დაცვასა და ფედერაციის საქმიანობაში მათ აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები