ანრი ოხანაშვილი: მზად ვარ, გუნდთან ერთად ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ვემსახურო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ,,ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
„უპირველესად, დიდი მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა; გუნდისა და პარტიის ხელმძღვანელობას, ვინც მე ამ პოზიციაზე დამასახელა.ძალიან კარგად ვაცნობიერებ ამ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, მეკისრება. ეს ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი კომიტეტია საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ცხოვრებაში. მზად ვარ, გუნდთან ერთად ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ვემსახურო და ჩვენი ნებისმიერი საკანონმდებლო წინადადება საზოგადოების ინტერესებში იყოს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქიმით, ის განსხვავებულ აზრს პატივს სცემს.
“რაც შეეხება კონკრეტული პირების გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანია, ეს დემოკრატიის ნაწილი განსხვავებული აზრია, მე ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, რომელსაც ისინი აფიქსირებენ, პატივს ვცემ. ეს ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს, განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანების აზრიც მოვისმინოთ, თუმცა იმ პირებს შორის, ვინც ჩემს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ვინც ეს დააფიქსირა – ბატონი გედი ფოფხაძე. ასე რომ, ეს მისი არჩევანია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, ანრი ოხანაშვილი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 98 მომხრე ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.