სოფიო ქაცარავა: ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ საქართველო უსაფრთხო და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მუშაობა შეაფასა და მიღწევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად ასახელებენ.
„ეს უდიდესი ძალისხმევისა და სწორი პოლიტიკის შედეგია. უსაფრთხოება და სტაბილურობა ნებისმიერი განვითარებისა და პროგრესის წინაპირობაა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქვეყნის მიერ წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროკავშირი და ნატო რეგიონში საქართველოს მთავარ და სანდო მოკავშირედ აღიარებს . ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი – არაერთ საკანონმდებლო დოკუმენტში უპრეცედენტო მხარდაჭერას გვიცხადებს. ჩვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მიმართ მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების ყველა ფორმატის დღის წესრიგშია და მათი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარი და ურყევია“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარ ამოცანად გლობალურ კონტექსტში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცების ხელშეწყობა დაასახელა.
„მთავარი ამოცანაა, რომ კოლეგებთან ერთად საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებას გლობალურ კონტექსტში ხელი შევუწო. ნებისმიერი ნაბიჯი და ძალისხმევა, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ამისკენაა მიმართული, მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატია, საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი საქმიანობა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
როგორც მან განმარტა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებთან ერთად დიდ ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან თემებს ანიჭებს, როგორიცაა: არსებული საფრთხეების სიღრმისეული ანალიზი, მათი გამოვლენა, სწრაფი კოორდინაცია და გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება, ასევე, კომუნიკაციის სტრატეგიულად და სწორად წარმართვა.
„მაშინ, როდესაც არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი თანამედროვე სამყარო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, მათ შორის, უსაფრთხოების, ჰიბრიდული ომისა და მზარდი დეზინფორმაციის კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას კომუნიკაციის სტრატეგიულად და სწორად წარმართვას ვანიჭებ. ესეც იმ დიდი სურათის ნაწილია, რაც ქვეყნის უსაფრთოხებას კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს. ამ ყველაფერს პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს საგრეო პოლიტიკასთან, სამომავლო კიდევ უფრო წარმატებულ თანამშრომლობასთან ყველა მეგობარ პარტნიორთან ,“- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.