კახიანი – პროცესი, რომელიც რეგლამენტის მიღებას წინ უძღვოდა, იყო ხანგრძლივი და უპრეცედენტოდ ღია
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რასაც პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. მან პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს, როგორც ნოვაციასა და ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ ორიცედურას, ხაზი გაუსვა. აქვე აღნიშნა, რომ ის სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას წარმოადგენს.
„მაშინ, როდესაც ჩვენ რეგლამენტზე ვმუშაობდით, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს ინიციატივა დააყენა და საპარლამენტო ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც ჩვენ ასეთ პროცედურას გავდივართ და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას ვისმენთ“,- განაცხადა კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მომხსენებლის თქმით, ახალი რეგლამენტის მიღებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რასაც წინ კონსტიტუციური ცვლილებები უსწრებდა. მაშინ, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლები საკონსტიტუციო ცვლილებებით გაძლიერდა, ეს ტენდენცია პარლამენტის რეგლამენტშიც აისახა. მან განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე გაამახვილა.
გიორგი კახიანის განცხადებით, სრულიად ახალი პროცედურაა მინისტრის საათი, რომლის მსგავსიც პარლამენტის ცხოვრებაში აქამდე არ არსებობდა.
„როდესაც ჩვენ მიმდინარე კვირას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგენა პარლამენტის წინაშე, რომელიც განათლების სფეროში არსებულ რეფორმებზე ისაუბრებს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა წინ გველის, უკვე მინისტრის საათის ფარგლებში, ესეც სრულიად ახალი პროცედურაა. ესეც რეგლამენტის სიახლეა, როდესაც მინისტრი წაპარლამენტის წინაშე წარდგება და სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრებს. თქვენ იცით, რომ ბიუროს სხდომაზე მთელი წლის განმავლობაში მინისტრების გამოსვლებთან დაკავშირებული განრიგი გაიწერა“,- აღნიშნა კახიანმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე უმცირესობის მხრიდან გამოთქმულ განცხადებებს, თითქოს რეგლამენტის მიღების პროცესში მათი ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული, გამოეხმაურა.
„მე შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი, რომელიც რეგლამენტის მიღებას წინ უძღვოდა, იყო ხანგრძლივი, უპრეცედენტოდ ღია და ფაქტობრივად ყველა მსურველს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა. პროცესში, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, უმცირესობის წარმომადგენლებიც ჩართულნი იყვნენ. ის, რომ მათი დაყენებული ყველა მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული, იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი გახსნილი არ იყო და ამ პროცესში არ იყვნენ ჩართული მხარეები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.