თამარ ჩუგოშვილი: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გასაგებია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი არ იზიარებს შეფასებას, იმის შესახებ, რომ ვინც კრიტიკულად არის განწყობილი სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მართულია ერთი პოლიტიკური ძალისგან.
მისთვის, გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში გუნდში დაპირისპირება იყო. როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები სამუშაო რეჟიმში უნდა დაბრუნდეს.
„არ ვიცი, რამდენად უნდა შევაფასო ჩემი კოლეგის განცხადება, ეს მისი გადასაწყვეტია. ზოგადად, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და პოტენციურმა დანიშვნებმა, რომელიც უზენაეს სასამართლოში უნდა განვახორციელოთ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია უმრავლესობაში და ჯერ კიდევ არ დაგვიმთავრებია ამ თემებზე დისკუსია. გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თქვენ ხედავდით, რომ რაღაც დაპირისპირება გუნდის შიგნით იყო.
ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც პარლამენტმა მიიღო, როდესაც არ დაამტკიცა ნაჩქარევად მოსამართლეთა სია, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოდ იყო შემოთავაზებული, იყო სწორი გადაწყვეტილება და მე ამ აზრზე ვრჩები. ჩვენ გვაქვს ურთულესი პროცესი გასავლელი, კანონი შესაქმნელი, რომელიც სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს შექმნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდეთ და დავიწყოთ ამ კანონპროექტზე მუშაობა. მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შანსს მოგვცემს უზენაესი სასამართლო საუკეთესო მოსამართლეებით დავაკომპლექტოთ. არ ვიზიარებ შეფასებას, ყველა, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ამ პროცესების მიმართ, მართულია ერთი პოლიტიკური ძალისგან. ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კრიტიკული მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს თავისი საფუძველიც გააჩნია. სამუშაო რეჟიმში უნდა დაბრუნდეს დისკუსია, რადგან ჩვენს ქვეყანას ძალიან აზიანებს ასეთი რყევები. სამუშაო რეჟიმში მუშაობა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა და მინდა მჯეროდეს აქამდე მივალ, თუმცა წინ გველოდება მძიმე პროცესი”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები