კახა კოჟორიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს
იურისტ კახა კოჟორიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“სურვილი მაქვს, რომ რადიკალური ცვლილებები მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში.
პოზიტიური, კარგი ცვლილებები მასშტაბურად რომ განხორციელდეს, ეს ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება.
რა თქმა უნდა, კრიტერიუმების და პროცედურების დაწერას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული აზრი, მაგრამ მანამ, სანამ კანდიდატების ნომინირების ბერკეტი ექნებათ ამ ადამიანებს, ისინი დაბლოკავენ კეთილსინდისიერ ადამიანებს და არ მისცემენ საშუალებას ისეთ ადამიანებს შევიდნენ სისტემაში, რომლებზეც თავად გავლენას ვერ მოახდენენ.
სრული პასუხისმგებლობით მინდა, განვაცხადო, რომ ვერავინ მოიფიქრებს ვერანაირ კრიტერიუმებს და პროცედურებს, რომლებიც იქნება თავისთავადი გარანტია იმისა, რომ საუკეთესო ადამიანები მოხვდებიან სისტემაში. კიდევ ერთხელ საზოგადოებას გავახსენებ , რა წერია საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 35-ე პრიმა მუხლში, იქ წერია, რომ მოსამართლე უნდა იყოს კეთილსინდისიერი, სამართლიანი, დამოუკიდებელი, კომპეტენტური, ზეწოლებისაგან მედეგი და აი, ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ პატივცემული მურუსიძე და ჩინჩალაძე არიან უვადოდ გამწესებული. ეს კრიტერიუმები დღეს, დღევანდელ კანონმდებლობაში არსებობს, ძალიან კარგი კრიტერიუმებია, მაგრამ ამ კარგი კრიტერიუმების მიხედვით თანამდებობაზე ინიშნებიან ასეთი ოდიოზური ფიგურები და ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი, ყოფილი მოსამართლე, მათ შორის მოქმედი ადვოკატი, თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, იურისტს ვგულისხმობ ცხადია, არ ინიშნებიან თანამდებობაზე. შესაბამისად, რანაირად უნდა გვქონდეს ჩვენ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ რაიმე პროცედურა თუ შეიცვლება, აწი ის ადამიანები, რომლებიც აქამდე არასწორ გადაწყევტილებებს იღებდნენ, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს? მე გაგახსენებთ ასევე პატივცემული მიქაუტაძის განცხადებას, რომ ის ათი კანდიდატი, რომელიც მათ დაასახელეს, მზად არის დაექვემდებაროს ყველანაირ კრიტერიუმსო, აკმაყოფილებენ კრიტერიუმებსო დაწერილსაცო და ჯერ არ დაწერილსაცო, რომელიც არ მოგვიფიქრებიაო , იმასაც წინასწარ ვაკმაყოფილებთო. როდესაც ასეთი განწყობაა, ცხადია, მოლოდინი იმისა, რომ ახლა ,რაღაც კარგ კრიტერიუმებს დავწერთ და ამის შემდეგ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მე პირადად არ მაქვს და ეს ჩემი ვარაუდი დღევანდელ რეალობას კი არ ემყარება მარტო, ემყარება იმ 15- წლიან შეფასებას სიტუაციის, რომელი პერიოდის განმავლობაშიც სასამართლოში უაღრესად კრიზისული მდგომარეობა არსებობდა.“ – განაცხადა კოჟორიძემ.
კოჟორიძის თქმით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შექმნა კარგია, მაგრამ გასააზრებელია ის, თუ პარლამენტარების გარდა, ვინ არიან ამ სამუშაო ჯგუფში.
„სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვეკითხებით იუსტიციისა საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს აზრს, ვისი თაოსნობითაც სწორედ სასამართლო სისტემაში არაერთი ცუდი, უსამართლო, სისტემისა და ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. როცა მურუსიძეს ვეკითხებით აზრს, თუ როგორ უნდა დავაკომპლექტოთ სასამართლო, რა კრიტერიუმები და პროცედურები უნდა შევადგინოთ, ჩემთვის ეს ამ პროცესისათვის ნდობის საფუძველი ვერ იქნება. ცხადია, კარგია, რომ დეპუტატები აქტიურად მსჯელობენ კარგია ის, რომ რაღაცნაირად ეს ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ერთმანეთთან ახლოვდება“, – განაცხადა კოჟორიძემ.
თამუნა შეყილაძე