ახალციხეში შვილმა დედა მარტომ დაასაფლავა – ფაქტს შსს იძიებს

ახალციხეში, შუახნის კაცმა 80 წლის დედა ისე დაასაფლავა, რომ არავის შეატყობინა. გარდაცვლილი არც მეზობლებს უნახავთ. მომხდარზე ახალციხის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო.
დედა შვილი, ერთ–ერთ კორპუსში, ერთად ცხოვრობდნენ. დედა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ლოგინად იყო ჩავარდნილი და შვილი უვლიდა. ქალი 27 იანვარს, საღამოს გარდაიცვალა და კაცმა იგი მეორე დღეს, 28 იანვარს მარტომ დაასაფლავა. თუმცა ვიდრე დაკრძალავდა, ახალციხეში, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში წესის ასაგებად მიიყვანა.
მეზობლები ქალის გარდაცვალების ორ ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილი ამბობს, რომ “შვილს შემოაკვდა, რადგან ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ უკვე გაყიდული ჰქონდა, ახალი მესაკუთრე სახლში უნდა შესულიყო და მოხუცს ვეღარაფეს უხერხებდა”.
ნაწილი კი კაცის უდანაშაულობაში დარწმუნებულია: „ასაკში იყო და ალბათ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მაგრამ მიცვალებული არავის გვინახავს, არც სამძიმარზე მოსული დაგვინახავს ვინმე. კარგი ოჯახი იყო, მაგ სახლიდან ხმაური არ გამოსულა. ეს ბიჭი დედას პატარა ბავშვივით უვლიდა, აჭმევდა უცვლიდა, ცუდს ვერაფერს ვიტყვით”.
გარდაცვლილის სახლი დაკეტილი დაგვხვდა. ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ ბინა შვილმა ნამდვილად გაყიდა.
„დედამისმა მინდობილობა გაუკეთა სიცოცხლეშივე და მალევე მოახერხა გაყიდვა როგორც ჩანს“, – გვითხრა გარდაცვლილის რძალმა, უფროსი შვილის ცოლმა, რომელიც მეზობელ კორპუსში ცხოვრობს, თუმცა მას დედამთილთან და მაზლთან ბოლო წლების განმავლობაში კონტაქტი არ ჰქონია.
მომხდარის შესახებ, გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა 30 იანვარს შეიტყეს და პოლიციში დარეკეს. ფაქტზე ძიება ახალციხის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო, თუმცა რძალს მიაჩნია, რომ აქ გამოსაძიებელი არაფერია, რადგან დარწმუნებულია, რომ შვილი დედას არაფერს დაუშავებდა: „მხოლოდ იმისთვის იქნება კარგი გვამის ექსპერტიზა, რომ ქალის ნათესავები დარწმუნდნენ, რომ ჩემი მაზლი არაფერშუაშია. შვილი დედის ნათესავებზე გაბრაზებული იყო, ასე ამბობდა სიცოცხლეში არავინ მოაკითხა და მიცვალებული მხოლოდ ჩემიაო. ამიტომ არ გააგებინა არავის ალბათ“.
გარდაცვლილის იმ ნათესავთან, რომელმაც პოლიციაში დარეკა, დაკავშირება ვერ შევძელით. ვერც მისი შვილის ვინაობას მივაგენით, ბინის გაყიდვის შემდეგ სად გადავიდა იგი საცხოვრებლად, მეზობლებმა და ნათსავებმა არ იციან.
წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დეკანოზი სტეფანე ნადირაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ „გარდაცვლილი ეკლესიაში შვილმა აიყვანა და მას წესი აუგო“.
მომხდარის დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არც პოლიციაში საუბრობენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შვილს ქალის გარდაცვალების მოწმობა აქვს: „ამ ქალის შვილი, მეზობლები და ნათსავები უკვე დაიკითხნენ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: http://sknews.ge/index.php?newsid=21249&fbclid=IwAR2hDkHymBb-

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები