დაჩი ცაგურია გიგი უგულავას: მაგ უაზრო კრედიტებმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერების თაობაზე “რუსთავი 2” -ის ეთერში გასულ სიუჟეტსა და დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებებს “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენელი – დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული. როგორც ცაგურია წერს, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
“უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე, იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მილიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც… პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ, რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარესებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ.
მოკლედ სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა… ერთი სიტყვით “ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო” გვეუბნებიან. არა, ჩემო გიგი, უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ, კმარა, ახლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის, ისე დაიხარჯება ფული. შენ წადი და თბილისის ალპინისტი დასუფთავების ვარსკვლავები მოგვიკითხე. მაგ უაზრო კრედიტებმა (ასობით მილიონები) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც. ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ, მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთ, სისხლი მოგდიოდეთ, მაგრამ აბა ეგ თქვენ საიდან?! -წერს დაჩი ცაგურია.