„მსგავსი ინციდენტები თავიდანვე შესწავლილი და მოგვარებული უნდა იყოს“ – ექსპერტი ახალქალაქში ავაქიანის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ექსპერტის, ვასილ პაპავას განმარტებით, აზერბაიჯანს ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის რესტავრირებული ძეგლის გახსნის გამო, მწვავე რეაქცია რამდენიმე მიზეზის გამო, ჰქონდა.
მისი თქმით, ღონისძიება 20 იანვარს გაიმართა, ეს თარიღი კი აზერბაიჯანელებისთვის გლოვის დღეა.
„გამომდინარე იმ დაპირისპირებიდან, რაც იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნებისმიერი მსგავსი ფაქტი მათ შორის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. ორივე მხარე თავიანთი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე უდგება ამ საკითხს. რომელია მტყუან-მართალი, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ჩვენი საქმე, ამ კუთხით, არ არის, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ინციდენტები უნდა ექცეოდეს არა მარტო მედიის, არამედ კომპეტენტური ორგანოების ყურადღების ქვეშ.
ეს შეიძლება გახდეს ერთგვარი კატალიზატორი ისეთი პროცესებისა, რომლის გამოსწორებაც შემდეგ რთული იქნება.
მსგავსი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად საჭიროა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა სტრუქტურებმა იმუშაონ როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებთან. პრესაში როგორც გაჟღერდა ინფორმაცია, ფოტოც დაიდო, ძეგლი 90-იან წლებში დადგეს, რამ გამოიწვია რეაქცია ახლა? მე არ მსმენია აზერბაიჯანელებისგან ამ წლების განმავლობაში, ამ ძეგლთან დაკავშირებით რაიმე სახის უკმაყოფილება, აქ საქმე არის სხვა რაღაცაში – ღონისძიება რა ფორმით ჩატარდა, როდის ჩატარდა, ვინ მონაწილეობდა, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ვნახეთ, რომ ესწრებოდნენ ახალქალაქის მერი, ჩვენი პარლამენტის სომეხი დეპუტატები, ასევე სომხეთის ელჩი. საპატიო ყარაულის თანდასწრებით, პომპეზურად გახსნეს ძეგლი, ასევე გახსნეს 20 იანვარს. 20 იანვარი აზერბაიჯანში გლოვის დღეა – 1990 წელს საბჭოთა ჯარებმა სასტიკად დაარბიეს აზერბაიჯანელთა საპროტესტო გამოსვლები, დაღუპულების რიცხვი, დაახლოებით, 200-მდე აღწევდა. აქედან გამომდინარე, თუ როგორ ჩატარდა ძეგლის გახსნა, ვინ ესწრებოდა და რომელ თარიღში გაიხსნა, ამაში აზერბაიჯანელები პროვოკაციას ხედავენ. რომ გადავხედოთ აზერბაიჯანულ პრესას ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, დიპლომატიური ურთიერთობა საკმაოდ გართულდეს ჩვენს ქვეყნებს შორის. საუბარი იყო გაზის გაძვირებაზეც, რაც აზერბაიჯანულმა პრესამ გააჟღერა. დაიწერა, რომ კომერციულ სტრუქტურებს უძვირებს გაზის ტარიფს 1 მარტიდან, ეს შეიძლება ერთგვარი გაფრთხილება იყოს. ჩვენს ხელისუფლებას რეაგირება მართებს, რომ საკითხი დროულად მოგვარდეს“, – განაცხადა პაპავამ.
რაც შეეხება იმას, რომ ძეგლის რესტავრაცია არ დაფინანსებულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს ადგილობრივების ინიციატივითა და ფინანსებით მოხდა, ექსპერტი აცხადებს, რომ „როცა რაიმე მონუმენტი იდგმება ან ვინმეს სახელობის სკვერი იხსნება, ეს უნდა გადიოდეს გარკვეულ შეთანხმებას ადგილობრივ და სხვდასხვა სტრუქტურებთან“. როგორც პაპავა ამბობს, მსგავსი ინციდენტები, რომელიც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ურტყამს, თავიდანვე შესწავლილი და მოგვარებული უნდა იყოს. „ეს მოხდა 20 იანვარს, აზერბაიჯანელების გლოვის დღეს. შეიძლება უფრო ადრე გაეხსნათ, საერთოდ არ გაეშუქებინათ ამ ფორმით, რეაქცია მსგავსი არ იქნებოდა, რადგან ეს ძეგლი წლებია იქ დგას. ადგილობრივებს ისე რომ ჩაეტარებინათ რესტავრაცია, რომ არ მომხდარიყო პომპეზურად აფიშირება, აზერბაიჯანის რეაქცია მსგავსი არ იქნებოდა. სომხების რეაქცია იქნებოდა ადეკვატური, აზერბაიჯანელებს იგივე ფორმით, თუნდაც აპრილში, სომეხთა გენოციდის დღეს რომ დაემთხვიათ ყარაბაღის ომში მონაწილე აზერბაიჯანელი საველე მეთაურის ძეგლის გახსნა. ჩვენს ჩვენს ტერიტორიაზე ვართ პასუხისმგებელი, რომ მსგავსი ინციდენტები, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ურტყამს, იქნას თავიდანვე შესწავლილი და მოგვარებული“,- განაცხადა პაპავამ.
ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი ძეგლის გახსნის გამო ატეხილ დავას, სპეკულაციას უწოდებს და „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ “სკოლის დამთავრებისთანავე, მიხეილ ავაქიანი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა და მას მერე საქართველოსთან შეხება არ ჰქონია”.
ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ ავაქიანის ძეგლი სოფელში, დაახლოებით, 25 წლის წინ დადგეს. მერის თქმით, ძეგლი მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიდგა, ახლა კი ბიუსტი რკინის კონსტრუქციით შემოსაზღვრეს. „როგორც თანასოფლელებმა თქვეს, ფული თავად შეაგროვეს და ძეგლი შემოღობეს, ჩვენ კი როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, დაგვპატიჟეს. რა უფლება მქონდა, ხალხის ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მივსულიყავი, მაშინ როდესაც ეს ძეგლი 1997 წლიდან დგას ბუღაშენში? მაშინაც იმიტომ დადგეს, რომ ამ სოფლიდან იყო ეს ადამიანი და თანასოფლელებმა ამ ნაბიჯით მის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. 25 წელია, ეს ბიუსტი დგას და მიკვირს, ახლა რატომ გაახსენდათ. სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცოდი ამ დრომდე, ვისი ბიუსტი იყო“, – აცხადებს ახალქალაქის მერი. აღსანიშნავია, რომ სომეხი ოფიცერი, მიხეილ ავაქიანი, ყარაბახის კონფლიქტის მონაწილე ერთადერთი სამხედრო პირი არ არის, რომლის ძეგლიც საქართველოში დგას. მარნეულში, სოფელ ლეჟბადინში, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის, ჯალილ საფაროვის მონუმენტიც დგას. როგორც „პრაიმტაიმმა” გაარკვია, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მემორიალური დაფა, პორტრეტით, საჯარო სკოლის შენობაზე იყო განთავსებული, 2016 წელს კი, როდესაც საგანგებოდ შერჩეულ ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში მდებარე სკოლის ეზოში, უფრო მასშტაბური კომპლექსი დადგეს, მემორიალური დაფა მონუმენტს შეუერთეს. აზერბაიჯანის ეროვნული, გმირი ჯალილ საფაროვი 1992 წელს, ყარაბახის კონფლიქტის დროს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა. აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებების ცნობით, ოფიცერი საფაროვი ტურშსუ-ზარისლის გზაზე, 1992 წლის 15 მაისს მომხდარი შეტაკების დროს მოკლეს. მაშინ როცა ის სატანკო ეკიპაჟის გადარჩენას ცდილობდა. ამავე წელს მას, აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭეს. ის დაკრძალულია ბაქოში, შეჰიდთა ხეივანში. ჯალილ საფაროვი წარმოშობით მარნეულიდან იყო. აზერბაიჯანში ის მშობლებთან ერთად მოგვიანებით გადასახლდა. აზერბაიჯანულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის ომის მონაწილე სომეხ ოფიცერს, მიხეილ ავაქიანს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს. ინფორმაცია სიახლედ დასახელდა ქართულ მედიაშიც, თუმცა ფოტოებით, რომელიც „პრაიმტაიმს” ადგილობრივებმა მიაწოდეს, ირკვევა, რომ მიხეილ ავაქიანის ძეგლი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დგას. „საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ გადაუდებელი რეაგირება მოახდინოს ფაქტზე, რომელიც არ შეესაბამება ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს”, – უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ აზერბაიჯანულ სააგენტოს.
იგივე გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანის ელჩიც იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან ქართულ მხარეს ბაქოს პროტესტი გადასცა.