„ველოსიპედისტებისთვის საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა“ – დღეს ველომოყვარულები აქციას გამართავენ
თბილისში ველოსიპედისტებისთვის საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი, – ამის შესახებ ქვეითთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია – „იარე ფეხით“ წარმომადგენელმა, ველომოყვარულმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბის“ წევრებმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, პრობლემებია როგორც ინფრასტრუქტურის, ისე კანონმდებლობის მხრივ.
როგორც ჯოზეფ სმიტმა განაცხადა, დღეს, 18:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 67 წლის გურამ ინაკავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ველომსვლელობა გაიმართება.
აქციის მთავარი გზავნილია „არ მინდა ვიყო შემდეგი!“ . აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მძღოლებს, პატივი სცენ და გზა გაუნაწილონ ველოსიპედისტებს, მიმართავენ ქალაქის ხელისუფლეებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.
„ჩვენი აქ მოსვლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მივაწოდოთ საზოგადოებას და ქალაქის ხელისუფლებას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სავალალო მდგომარეობაა შექმნილი ჩვენს ქალაქში, გზებზე ველოსიპედისტებისთვის საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, საკანონმდებლო პრობლემები , გვინდა ვითანამშრომლოთ მერიასთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან . კანონები დასახვეწია, ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია . ასეთი სავალალო მდგომარეობა აღარ არის ასატანი . არ გვინდა ვიყოთ შემდეგნი. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა“- განაცხადა ჯოზეფ სმიტმა.
როგორც ველომოყვარულთა კლუბის წევრებმა განაცხადეს, თბილისში ველოსიპედით გადაადგილება საშიშია და ეს უნდა შეიცვალოს.
,,ველოსიპედი ჩემი ყოველდღიური ტრანსპორტია, ჩემი გადაადგილების საშუალება, ზუსტად ისე, როგორც იყო ბატონი გურამისთვის. პირადად არ ვიცნობდი, თუმცა ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან ახლოს მოვიდა, რადგან დიდი შანსია, რომ მე მოვმხვდარიყავი მსგავს სიტუაციაში. მინდა, რომ ამ შემთხვევამ არ ჩაიაროს უბრალოდ და რაღაც ზომები არ მივიღოთ. მინდა, თბილისის გზებზე ისე შეიცვალოს სიტუაცია, რომ არამარტო ველოსიპედისტებს, არამედ ფეხის მოსიარულეებს არ ექმნებოდეთ პრობლემები. ისე უნდა შეიცვალოს მდგომარეობა, რომ უსაფრთხო იყოს თბილისში გადაადგილება ველოსიპედისტისთვისაც და სხვა ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვისაც. აღმაშენებლის ხეივანი ძალიან საშიში ადგილია იმ მხრივ, რომ ძალიან დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან ,ძალიან ბევრი მძღოლია, ვინც არ ითვალისწინებს ველოსიპედით გადაადგილების სპეციფიკას, რომ მათთან შედარებით ნელა მივდივართ, მარჯვენა ზოლში ვმოძრაობთ“- განაცხადა მარიამ მიხაილაძემ.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოვლენ, შემდეგ კი ველოსიპედისტები დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13-ე კილომეტრამდე მსვლელობას დაიწყებენ და თეთრი ველოსიპედის მონუმენტს განათავსებდნენ იმ ადგილზე, სადაც გურამ ინაკავაძე გარდაიცვალა.
როგორც ველომოყვარულებმა აღნიშნეს, საერთაშორის პრაქტიკით, როდესაც ველოსიპედისტი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვლება, შემთხვევის ადგილზე თეთრად შეღებილ ველოსიპედს დგამენ, რაც იმის მიმანიშნებელია , რომ ამ ადგილას ველოსიპედისტი გარდაიცვალა.
თამუნა შეყილაძე