თემქაზე CO-თი მოწამლული ოჯახის წევრები საავადმყოფოებიდან გაწერეს
ორი მოზარდი, რომლებიც საავადმყოფოში CO-თი მოწამვლის შედეგად აღმოჩნდნენ, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამთენიისას გაწერეს.
როგორც „კვირას“ ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტებს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კლინიკა დატოვეს.
გარდა ამისა, მე-5 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს ამავე ოჯახის წევრები, რომლებიც გუშინ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა.
მიმღები განყოფილების ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და სამედიცინო დაწესებულება დილით დატოვეს.
ცნობისათვის, გუშინ, თემქის დასახლებაზე, მე-5 კვარტალში CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 10 და 17 წლის ბავშვები იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, დანარჩენი ოჯახის წევრები კი – მეხუთე საავადმყოფოში.