თურქეთში გარდაცვლილი, 58 წლის ტარიელ ქამადაძე, ანკარის მიმდებარედ, მწყემსად მუშაობდა

თურქეთში გარდაცვლილი, საქართველოს მოქალაქე, 58 წლის ტარიელ ქამადაძე, ანკარის მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში მწყემსად მუშაობდა.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა, ტარიელ ქამადაძე სამუშაოს საძიებლად, საქართველოდან 7 იანვარს წავიდა.
ტარიელ ქამადაძე ოჯახით ქობულეთის მუნიციპატიტეტის სოფელ ქვედა დაგვაში ცხოვრობდა.
ქამადაძეები სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდნენ.
ორი შვილის მამას, თავადაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. თუმცა, შობის დღესასწაულზე თურქეთში სამუშაოდ წავიდა და მწყემსად დაიწყო მუშაობა.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა, ვინც ტარიელ ქამადაძის გარდაცვალების შესახებ ოჯახს ინფორმაცია მიაწოდა, მისი ვინაობა არ იციან.
„დაგვირეკეს თურქეთიდან და გავიგეთ, რომ ტარიელი ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. ჩვენ მეტი არაფერი ვიცით, საკონსულო გვეხმარება, რომ ცხედარი საქართველოში ჩამოვასვენოთ“, – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.
საქართველოს მოქალაქის ტარიელ ქამადაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.
58 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე თქმით, თურქეთში საქართველოს საკონსულოში მამაკაცის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები