ნუკრი ქანთარია: რადგან პირადი ცხოვრების კადრები არსებობს, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გამოძიების ტემპი
ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხზე გამოძიების ტემპი უნდა შეიცვალოს. ის იმედოვნებს, რომ ამჟამად, ეს პროცესი გუნდის შიგნიდან არ ვითარდება და საგამოძიებო ორგანოს შედეგს ელოდება.
“ყველამ უნდა შეწყვიტოს საუბარი იმაზე, რომ თუ ეს კადრები არსებობს, მაშინ უნდა გამოიძიონ – თუ არსებობს კი არა, ნამდვილად არსებობს! რადგან ეს კადრები არსებობს, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გამოძიების ტემპი! უახლოეს ხანში, მე ველოდები პასუხებს, რადგან მსგავსი სიბინძურეები და მსგავსი საშინელებები, ჩვენ გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ ახლაც შიგადაშიგ იწყებს ამოტივტივებას.
ამ ეტაპზე, მე მინდა, გამოვრიცხო, რომ ეს გუნდის შიგნიდან მოდის, თუმცა, გამოძიება რასაც იტყვის, ბუნებრივია, მე იმას დავეყრდნობი”,- აღნიშნა დეპუტატმა.