როს ვილსონი: ვენესუელასთან დაკავშირებით საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი თუ არა უპირველესი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს ვილსონმა 29 იანვარს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის სატელეფონო საუბარი შეაფასა.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის მრჩეველი დიდი ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ და პრემიერ-მინისტთან სატელეფონო საუბრისას, სხვა თემებთან ერთად განიხილეს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
„მოგეხსენებათ ჯონ ბოლტონი დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ. ის თქვენს ქვეყანას გასული წლის ოქტომბერში ეწვია. მან შეიტყო სიახლე საქართველოს მიერ ვენესუელის ახალი გარდამავალი პრეზიდენტის მხარდაჭერის შესახებ და საჭიროდ ჩათვალა დაერეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და მადლობა გადაეხადა მისთვის, რადგან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი თუ არა უპირველესი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო სხვა საკითხებს. ფართოდ განიხილეს ურთიერთთანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რასაც ძალიან დადებითად ვაფასებ”, – განაცხადა როს ვილსონმა.
აღნიშნული კომენტარი როს ვილსონმა გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები