ვატო შაქარიშვილი: კორუფციაზე საუბარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, რეალობას აცდენილია
დემოკრატიის დაბალ ხარისხსა და კორუფციაზე საუბარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან რეალობას აცდენილია, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ შაქარიშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს.
როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, NDI-ის კვლევები საოზგადოებაში, ზოგადად, დიდი ნდობით არ სარგებლობს.
„ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნები, როგორც ყოველთვის, არის ყველაზე სანდო და მარტივი ანალიზისთვის პირდაპირი კვლევა, რომელიც გვაჩვენებს, რა ვითარებაა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო პირდაპირ „ქართული ოცნების“ არჩევნები და იყო დამოუკიდებელი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, გარკვეულწილად ეს შედეგები მეტყველებდა ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, ნაკლოვანებებზე, პრობლემებზე თუ ა.შ., რაც დაგროვდა ჩვენს ხელისუფლებაში თუ ქვეყანაში. შესაბამისად, ახალი არაფერი გაგვიგია. რაც შეეხება რეიტინგებს – კვლევები ჩვენს საზოგადოებაში არ სარგებლობს, ზოგადად, დიდი ნდობით, არ აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე გამომდინარე მისი რეპუტაციიდან.
რაც შეეხება დემოკრატიას და კორუფციას – პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბევრ რამეზე მისცემ შენიშვნას, ბევრ რამეს დააბრალებ, თუ ბევრ რამეს მოედავები, ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ უსამართლოდ, მაგრამ დემოკრატიაზე და კორუფციაზე საუბარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, რეალობას აცდენილია. დემოკრატია, თავისუფლება, ეს ისეთი მონაპოვარია „ქართული ოცნების“ და 2012 წლის დიდი გამარჯვების, რომ ამას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერაფერი დააყენებს. ამ ნაწილში კვლევას არ დავეთანხმები.
ცალსახად გეტყვით, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის. ცალკეული პირების კორუფციული ქმედებები, გადაცმომები, ხედავთ, ადევნებთ თვალყურს, რომ ყველა ასეთ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირებაა. არის სისტემური კორუფცია და არის ინდივიდუალური კორუფცია, ჩვენ ეს უნდა გავმიჯნოთ. დღეს ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევის მიხედვით, მათგან, ვინც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებზე წავიდოდა, 29% ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა . 26%-ის თქმით, არ იცის, ხმას ვის მისცემდა, ხოლო 12%-ის თქმით, ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.
13% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს, 9%-ის თქმით, არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას. ხვალ რომ არჩევნები იყოს, კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს ხმას 3% მისცემდა ,. სხვა პარტიებს 7%.
კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხული მოსახლეობის 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის დემოკრატია, ხოლო 46 პროცენტის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის. გამოკითხული მოსახლეობის 11-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია გავრცელებულია. კითხვაზე, თქვენი აზრით ზოგადად რამდენად გავრცელებულია საქართველოში კორუფცია, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ძალიან გავრცელებულია, 21% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, ხოლო 34%-ის აზრით, ქვეყანაში კორუფცია მეტ-ნაკლებადაა გავრცელებული.