ქეთევან ციხელაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, ქართველი ხალხის გამარჯვებად აფასებს.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ კარგად ჩანს რუსეთის პოზიცია საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ. „ცხადია, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონკრეტული თანხა კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს ოდენობით, რაც გადახდილი უნდა იქნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევისთვის, 2006 წელს მათი დეპორტაციისთვის. ​ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, რამდენად უკანონოდ მოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, არა მხოლოდ საოკუპაციო პოლიტიკით, არამედ სწორედ მისი მოქალაქეების, მათი უფლებებისა და ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები