მაია ცქიტიშვილი: უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად რჩება

“უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად და უპირველეს პრიორიტეტად”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით, პირველად დაიწყო.
„პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წყალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს“,- აღნშნა მინისტრმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა 2018 წელს განხორციელებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა, გასულ წელს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო, სამშენებლო და გამრიცხველიანების სამუშაოებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 153 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა სხვადასხვა რეგიონში, რის შედეგადაც გაუმჯობესებული ხარისხის წყლით 50 000 ბენეფიციარის უზურნველყოფა მოხდა, მათ შორის ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სტეფანწმინდა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო წყალმომარაგება და ახალციხეში დევნილთა დასახლება, სადაც საუბნო ონკანებით სარგებლობდნენ.
„2018 წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუნიციპალური განვითარების ფონდმაც. დასრულდა 77 მილიონი ლარის ღირებულების წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რის შედეგადაც დამატებით 100 000-მდე მოსახლეს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების ხარისხი და მიწოდების გრაფიკი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები