მამუკა ბახტაძე: ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის

„2012 წელთან შედარებით ჩვენ ბიუჯეტი ფაქტობრივად გავასამმაგეთ რეგიონული განვითარების მიმართულებით“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის იყო პრიორიტეტი და ბიუჯეტის ციფრებშიც აისახება.
„2012 წელთან შედარებით ჩვენ ბიუჯეტი ფაქტობრივად გავასამმაგეთ რეგიონული განვითარების მიმართულებით, ხოლო შარშანდელ წელთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 20%-ით გავზარდეთ. ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 2 მლრდ ლარს. ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის და ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა ინკლუზიური ზრდაა.
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ზრდა, რაც ყველა მოქალაქისთვის მისაწვდომია, ხოლო ეს მიიღწევა მხოლოდ მეცნიერული თანაბარი რეგიონული განვითარებით. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები 2019 წლის ბიუჯეტში. რამდენიმე ახალი ათეული სკოლა აშენდება 2019 წელს საქართველოში, მის ყველა კუთხეში და ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი ნაწილი იმ რეფორმის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში. ამასთან ერთად გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ინფასტრუქტურული პროექტები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები