პროკურატურამ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნა, – ამის შესახებ „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
„შევისწავლით აუდიტის მიერ გადმოგზავნილ მასალებს და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება“, – განმარტავენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა პროკურატურას პარასკევს, 25 იანვარს მიმართა.
საქმე ეხება ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს.
ცნობისათვის, 25 იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯვითი ოპერაციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან 28 987 ლარი ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე გაიცა;
ფედერაციამ ტურნირის გამარჯვებულისთვის ბინა ფედერაციის პრეზიდენტის შვილების კომპანიიდან ბაზრის კვლევის გარეშე შეიძინა; ასევე, ვიქტორინის გამარჯვებულთათვის ფედერაციის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონები შეიძინეს, თუმცა ვიქტორინის ჩატარება დოკუმენტებით არ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები