გერმანიაში საქართველოს საელჩო: დიმიტრი მედოევთან ინტერვიუს ავტორი პრორუსული ორგანიზაციის წევრია

„გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდში“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის ინტერვიუსთან დაკავშირებით, საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნულ გამოცემასთან და მას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი „ნოიეს დოიჩლანდთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „ყაზბეგი ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს“.
„ყაზბეგი ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს. ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა და ადრე თუ გვიან ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება“, – აცხადებს დიმიტრი მედოევი.
საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი (David X. Noack) სტატიებს ძირითადად მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში აქვეყნებს და 2012 წლიდან ორგანიზაცია „რუსეთის ხალხთა ბერლინელი მეგობრების“ წევრი და აქტიური მხარდამჭერია.
„რაც შეეხება თავად გამოცემას, „ნოიეს დოიჩლანდი“ (Neues Deutschland) გახლავთ დაბალტირაჟიანი მედიასაშუალება. სხვადასხვა უწყებების მიერ (Bundeszentrale für politische Bildung, Bundesamt für Verfassungsschutz) იგი მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას“, – აცხადებენ გერმანიაში საქართველოს საელჩოში.
მათივე განცხადებით, გაზეთის სტატიები გამოირჩევა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით.
„მათში, ძირითადად, გაჟღერებულია ისეთი მოსაზრებანი, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ჰეგემონიურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ“, – აღნიშნავენ გერმანიაში საქართველოს საელჩოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები