სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო: კომპანია, რომელიც საქართველოში რუსული თაფლის შემოტანას აპირებდა, დისკვალიფიცირებულია
კომპანია, რომელიც საქართველოში რუსული თაფლის შემოტანას აპირებდა, დისკვალიფიცირებულია. ის ტენდერს გაეთიშა,-ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
„ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე ვებგვერდმა დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსულ თაფლს ყიდულობს. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.