“ბრიტანეთის საბჭო” საავტორო უფლებებით დაინტერესებულ პროდიუსერებს, მენეჯერებსა და ჟურნალისტებს ბრიტანული გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს
“ბრიტანეთის საბჭომ” პროგრამა “Selector PRO”-ს ფარგლებში მუსიკის სფეროს და კულტურის ჟურნალისტიკაში დასაქმებული პროფესიონალებისთვის ბრიტანელი ექსპერტი ქრის კუკი საავტორო უფლებების დაცვის და მუსიკალური პროდუქციის ლიცენზირების შესახებ ბრიტანული გამოცდილების გასაცნობად მოიწვია.
დღეს, ქრის კუკის ვორკშოპის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პასუხები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღონ და მას თავიანთი გამოცდილება თუ გამოწვევები გაუზიარონ.
როგორც “კვირას” “ბრიტანეთის საბჭოდან” აცნობეს, აღნიშნული ვორკშოპი “ბრიტანეთის საბჭოს” პროგრამის “სელექტორ PRO”-ს ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანია ბრიტანული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მუსიკალური ინდუსტრიის სფეროს პროფესიონალებისთვის. პროგრამის იდეა ბრიტანეთის საბჭოს მუსიკალური რადიოპროგრამისგან „სელექტორი“ წარმოიშვა, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული რეგულარულად გადაიცემა საქართველოში რადიო “მწვანე ტალღაზე” (FM 107.4). ამ რადიოპროგრამაში შესაძლებელია უახლესი ბრიტანული მუსიკალური მიმდინარეობების და მუსიკოსების ინტერვიუების, ნაწარმოებების და ცოცხლად შესრულებული მუსიკალური სესიების მოსმენა როგორც პირდაპირ ეთერში, ისე ჩანაწერების და ინტერვიუების სახით. ეს მუსიკოსები სხვადასხვა სტილის მუსიკას ასრულებენ, როგორებიცაა ინდი, დაბსტეპი, ფოლკი, სოული, ელექტრო და ა. შ.
ცნობისათვის, ქრის კუკი არის რედაქტორი, ჟურნალისტი და მედია მეწარმე. ის არის კომპანია “CMU”-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. “CMU” კი, დაინტერესებულ პირებს ეხმარება, უკეთ გაიგონ და მართონ მუსიკალური ბიზნესი. ის საზოგადოებასთან კომუნიკაციას ამყარებს “CMU”-ს ყოველდღიური მოკლე რეპორტაჟებით, პოდკასტებით (მუსიკის, ახალი ამბებისა თუ მედიის ჩანაწერები, რომელთა ჩამოტვირთვაც არის შესაძლებელი) და “CMU”-ს ტრენდული ბიბლიოთეკით, “CMU”-ს საკონსულტაციო ნაწილის საშუალებით, როგორიცაა სატრენინგო კურსები, საკონფერენციო სესიები და კვლევის ანგარიშები. ასევე, “CMU”-ს საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით როგორიცაა: DIY, რომელიც დახმარებას უწევს დამწყებ ხელოვანებს და ინდუსტრიის მომავალ ნიჭიერ თაობას.
“CMU”-ს საშუალებით, ქრისი წერს, საუბრობს, ასწავლის და ატარებს კონსულტაციებს მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ. ატარებს ბრიფინგებსა და მუსიკალურ კონფერენციებს მსოფლიოს მასშტაბით. მას ლექციების ჩასატარებლად იწვევენ ბრიტანეთის სხვადასხვა მუსიკალურ კოლეჯებში. ქრის კუკს რეგულარული სემინარების ჩასატარებლად, ასევე იწვევენ Sony Music, BPI, MMF, MU და IMRO-ში. ის ხელმძღვანელობს კონფერენციის ძირითად ნაწილს ბრაიტონში გამართულ The Great Escape Showcase ფესტივალზე. ქრისი ავტორია ცნობილი წიგნისა „Dissecting The Digital Dollar“ (ციფრული დოლარის ანალიზი), რომელიც გვიხსნის თუ როგორ მუშაობს ბიზნესი.
ცნობისათვის, “CMU” არის ნაწილი ქრის კუკის ბიზნესისა – “3CM UnLimited”, რომელიც ადვოკატირებას და რეკლამას უწევს მუსიკალურ, მედია, კულტურის და საკომუნიკაციო ინდუსტრიებს გამოცემების, კონსულტაციების, საგანმანათლებლო ინიციატივებისა და ლაივ ივენთების საშუალებით. “UnLimited”-ის საშუალებით, ის ასევე გამოსცემს კულტურული რეკომენდაციების სერვისს სახელწოდებით “This Week London” და მის პარტნიორ ჟურნალს “Three Weeks” ედინბურგის ფესტივალზე. ქრისი ასევე პედაგოგია, ასწავლის პრემიის მფლობელი PR სატრენინგო საქველმოქმედო ორგანიზაციაში სახელწოდებით “Taylor Bennett Foundation”, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტი ეთნიკური მრავალფეროვნების ხელშეწყობას კომუნიკაციის ინდუსტრიაში.
თავისი კარიერის ადრეულ ეტაპზე ქრისი მუშაობდა სხვადასხვა კვლევით და საკონსულტაციო პროექტებზე სადაც იკვლევდა კორპორაციულ კომუნიკაციასა და რეპუტაციის მენეჯმენტის სფეროში საუკეთესო მაგალითებს. მოგვიანებით, ის ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა აუდიტორიაზე გამიზნული მარკეტინგული პროგრამების დიზაინისა და კონტენტის შემუშავებას მსხვილი ბრენდებისთვის; ასევე მენეჯმენტს უწევდა მნიშვნელოვანი მუსიკალური პარტნიორობების კონტენტის მიწოდებას წამყვან ხელოვანებსა და საერთო-ეროვნულ გაზეთებს შორის. ის ასევე იყო პროდიუსერი ედინბურგსა და ლონდონის ფრინჯის თეატრალური წარმოდგენებისა.
ქრისს აქვს მიღებული ხარისხები ინგლისურსა და სამართალში და რეგულარულად წერს, მსჯელობს და აკომენტარებს მუსიკის ბიზნესის, ინტელექტუალური საკუთრების, მედიისა და კომუნიკაციის სექტორების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ვორკშოპზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის წინასწარ გავლა.
შეგახსენებთ, რომ “ბრიტანეთის საბჭო” დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაა. მათი საქმიანობის არეალი ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის სწავლების, განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოიცავს. გასულ წელს მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ 65 მილიონზე მეტ ადამიანთან, ხოლო მათმა აუდიტორიამ ონლაინ, ტელე და რადიო მაუწყებლობით თუ პუბლიკაციებით 731 მილიონს მიაღწია. “ბრიტანეთის საბჭო” ცდილობს წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნების განვითარებაში, რომლებთანაც თანამშრომლობს, რათა სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზების, კავშირების დამყარების და ნდობის განმტკიცების გზით ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში. “ბრიტანეთის საბჭო” 1934 წელს შეიქმნა, როგორც ბრიტანული საქველმოქმედო საჯარო ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს სამეფო ქარტიით.
