მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მედიასკოლის პრეზენტაცია გაიმართა

30 იანვარს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში  ჟურნალისტიკით დაინტერესებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ნინო შუბლაძის მედიასკოლის ღია კარის დღე – პრეზენტაცია გაიმართა.

ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მედიასკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, ახალგაზრდების მზარდ ინტერესზე ამ სფეროსადმი, აღნიშნა, რომ სასახლეს უახლოეს მომავალში თავისი ციფრული მედია და ტელევიზია ექნება.

ყურადღება გაამახვილა ნინო შუბლაძის საავტორო მედიასკოლის მრავალმხრივ და ტევად  სასწავლო პროგრამაზე. სასახლის აღზრდილს, ყოფილ „პიონერფილმელს“ წარმატება უსურვა მისმა პედაგოგმა, „პიონერფილმის“, აუდიო-ვიზუალური მიმართულების  ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ: „ ნინო შუბლაძე მე-5 კლასში იყო, როცა სასახლეში მოვიდა და მას შემდეგ არ მოსცილებია კამერასა და მიკროფონს“.

ნინო შუბლაძემ მედიასკოლის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა მიმართულების თეორიულ და პრაქტიკულ კურსზე,  მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა და მრავალრიცხოვანი აუდიტორიის, მოსწავლეებისა და მშობლების კითხვებს უპასუხა.

ნინო შუბლაძე 20 წელზე მეტია აქტიურ ჟურნალისტიკაშია. ის წლების განმავლობაში იყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტში და ამავე არხზე პოლიტიკური თოქ-შოუ „პოზიციის“ ავტორი და წამყვანი, მანამდე რეპორტიორი და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. ტელეწამყვანის კარიერა პირველ არხზე, დილის გადაცემა „ალიონში“ დაიწყო. დამთავრებული აქვს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, კოტე მახარაძის ჯგუფი, სადაც ასპირანტურის წარმატებით დამთავრების შემდეგ თავად კითხულობდა ლექციებს. ასევე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ( GAU) ხელმძღვანელობდა ტელე-ჟურნალისტიკის სასერტიფიკაციო ტრეინინგ პროგრამას.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები