თბილისის ბაგა-ბაღის აღმზრდელს ნარკოტიკები აღმოუჩინეს – “ამ პოზიციაზე სამი წელი მუშაობდა”

თბილისში მდებარე ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. როგორც „კვირას“ ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, მიუხედავად ფაქტისა, ბრალდებულს, როგორც ბავშვების მშობლები ისე თანამშრომლები, საკმაოდ დადებით პიროვნებად ახასიათებენ.
„ერთ-ერთ საჯარო ბაღში მუშაობდა აღმზრდელის პოზიციაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში. იყო ერთ-ერთი კარგი აღმზრდელი, რომელიც საკმაოდ დადებითი რეპუტაციით სარეგებლობდა, როგორც მშობლებში, ისე პერსონალში. ყველა დადებითად ახასიათებდა, ჩვენც ძალიან გაკვირვებულები ვართ“, – აცხადებს ნინო გულბათაშვილი.
მისივე თქმით, ბრალდებული დაკავებისას, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და აღნიშნული ფაქტის შესახებ, ბაღის დირექტორმა მოგვიანებით შეიტყო, როდესაც ის, სააღმზრდელო პროცესის დაწყების შემდეგ, სამსახურში არ გამოცხადდა.
„როდესაც ეს მოხდა, წლის ბოლოს, სააღმზრდელო წელი დასრულებული იყო. როცა ის არ გამოცხადდა სამსახურში, გამოეცხადა საყვედური და შემდეგ უკვე ოჯახისგან მივიღეთ ინფორმაცია. დირექტორმა აღმზრდელი რა თქმა უნდა გაათავისუფლა თანამდებობიდან და ჩვენთან აღარ მუშაობს, უკვე თვეზე მეტია“, – განუცხადეს „კვირას“ ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.
ცნობისთვის, მომხდარის შესახებ, 4 იანვარს, შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ისაუბრა.
„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები