“ვიმედოვნებთ, რომ ვარკეთილში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე ინტერესთა ხელახალ გამოხატვას, მაღალი ინტერესი მოჰყვება”
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია ვარკეთილის მესამე მასივში ავარიული კორპუსების – ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად, ინტერესთა გამოხატვას კიდევ ერთხელ აცხადებს.
როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი საპილოტეა და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ავარიული შენობების ჩანაცვლება ეტაპობრივად დაიწყება.
„წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსი გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მათი ჩანაცვლება აუცილებელია. ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებას ვგეგმავთ, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა მოხდეს. რამდენიმე ხნის წინ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, დეველოპერებთან, მშენებლებთან და წინადადებაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. ამჯერად, მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ პროცესს მაღალი ინტერესი მოჰყვება. ეს არის საპილოტე პროექტი და ვფიქრობ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ავარიული შენობების ჩანაცვლებას ეტაპობრივად დავიწყებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერი იმედოვნებს, რომ ინტერესი ამ საკითხის მიმართ მაღალი იქნება და ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების დაკმაყოფილება მოხერხდება.
„სამ ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დაახლოებით, 75 ათასი კვადრატული მეტრის ფართი. შესათავაზებელი ფართები მინიმუმ 7 500 კვადრატული მეტრია. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ფართს შემოგვთავაზებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი საკმაოდ მაღალი იქნება და შესაბამისად, ჩვენ იმ ოჯახების დაკმაყოფილებას შევძლებთ, ვინც წლების განმავლობაში, ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ინფორმაცია განთავსებული იქნება მერიის ვებგვერდზე. თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.