მიხეილ ბატიაშვილი: გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

„გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, გამოცდებთან დაკავშირებით სამინისტრომ მკაფიო პიზიცია ჩამოაყალიბა, თუმცა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთან კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, ყველა მშობელი დაადასტურებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სკოლებში სასწავლო პროცესი სანახევროდ მიმდინარეობს.
“როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, სამინისტრო ცალსახად არ აპირებს და არც მომავალში დააპირებს გადაწყვეტილების მიღებას ისე, რომ როგორც საზოგადოებასთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან მუდმივ რეჟიმში არ იყოს კონსულტაციები. ეს არ ეხება მხოლოდ სკოლას, საუბარია ნებისმიერ სფეროზე. რაც შეეხება ჩვენ ხედვას, ვერცერთ ქვეყანას, ვერცერთ წარმატებულ მაგალითს ვერ დამისახელებთ, სადაც განათლების სისტემის მთელი ორიენტაცია გამოცდებზეა მიმართული. თუ ჩვენ ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა არ გვაქვს, რომელიც არის სწავლისთვის და არა გამოცდების მომზადებისთვის, დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციების გარეშე წარმოუდგენელია, რომ განათლებაში მაღალი ხარისხი მივიღოთ. ჩვენი ხედვა მიმართულია იქით, რომ სკოლა ადგილზე გავაძლიეროთ. უნივერსიტეტებში რომ ვზომავთ, ეს არის დროებით მიღებული ცოდნა. ჩვენც ჩაგვიბარებია მსგავსი გამოცდები, რომელიც არის იმისთვის, რომ გამოცდაზე მივიდეთ, რაღაც შეფასება მივიღოთ და გამოსვლის შემდეგ დავივიწყოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოცდებზე უარი უნდა ვთქვათ, არამედ, გამოცდა უნდა ემსახურებოდეს ძლიერ სკოლას, ძლიერ ინსტიტუტს და ორიენტირება მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს, რომ გამოცდები ჩავაბაროთ. გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქ არის ბევრი სამუშაო. სკოლებში უნდა გავაძლიეროთ საგნები, სკოლებში უნდა მოხდეს ამ გამოცდების ჩაბარება. ბოლო ორი წელი ვიღებთ იმას, რომ მთელი სასწავლო წელი, ფაქტობრივად, ნახევრად მიმდინარეობს, რასაც ნებისმიერი მშობელი დაგიდასტურებთ”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროს მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 2019 წელს მე-11 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, ხოლო 2020 წელს მე-12 კლასელებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები