“ეს ფორმატი არის არალეგიტიმური” – შეხვედრას, რომელზეც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, ანა დოლიძე უნდობლობას უცხადებს
“ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება”, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ანა დოლიძის შეფასებით, შეხვედრა, რომელზეც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, შედეგის მომტანი ვერ იქნება.
“ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს, ანუ ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს ფორმა. მე დღეს ვაპირებ, დავსვა კითხვა: ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ჩვენ ათასობით ლარს? ანუ დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ამ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა და ვაპირებ, რომ ეს საკითხი დავსვა ამ შეხვედრის დასაწყისშივე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება. შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.