ლევან დავითაშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ტყვიავის მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ტყვიავის მოსახლეობას შეხვდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, სოფლის მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარის მიზნობრიობის შესახებ.
სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად და მათი მხრიდან საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, სოფლის კრებები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, კრებას, სადაც სოფლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტების გადანაწილება ხდება, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. მოსახლეობას ბევრი აქტუალური საკითხი აქვს მოსაგვარებელი. იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკა კიდევ უფრო სახალხო იყოს და კიდევ უფრო მეტად ითვალისწინებდეს იმ საჭიროებებს, რომელიც უშუალოდ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას გააჩნია, ჩვენ მუდმივი და უშუალო კომუნიკაცია გვაქვს მათთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფელ ტყვიავის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ღობის რეაბილიტაცია, შემოიღობება სოფლის სტადიონი და მოიხრეშება რამდენიმე ქუჩა.
როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, სოფელ ტყვიავის მცხოვრებთა მიერ სოფლის კრებაზე დაყენებული საკითხები მიმდინარე წელს მოგვარდება.
„ხალხის მოთხოვნის შესასრულებლად, მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში 3700 სოფელია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები