ეკა ბესელია: მართლმსაჯულების სისტემას მოსამართლეებმა არ უნდა უყურონ, როგორც საკუთარ, პირად სივრცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემას მოსამართლეებმა არ უნდა უყურონ, როგორც საკუთარ, პირად სივრცეს. მისივე თქმით, ის მოსამართლეები, რომლებიც ღია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებიან.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ პარლამენტის ის ჯგუფი და ის შემადგენლობა, რომელთათვისაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი სასამართლო, ამისთვის ვიბრძოდით იმ წლებში, როდესაც მოსამართლეები, რომლებიც დღეს ღია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩვენი ძალისხმევა ახლა მიმართულია იქეთკენ, რომ ვიწრო ჯგუფის ინტერესები კი არ გავატაროთ, ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება. ეს მართლმსაჯულება არის ყველასი და ყველა მოქალაქის უფლება. ამიტომ ამ სივრცეს – მართლმსაჯულების სისტემას, მოსამართლეები ნუ უყურებენ, როგორც საკუთარ, პირად სივრცეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა გაიაზროს ყველამ, რომ ჩვენ არ ვერევით არცერთი კონკრეტული გადაწყვეტილების პროცესში, მაგრამ არც სასამართლო უნდა ჩაერიოს, კანონმდებელი როგორ კანონს მიიღებს და როგორი კანონი დაიწერება. მან უნდა მიიღოს ეს კანონი და აღასრულოს – ეს არის მოსამართლის ვალდებულება, რომ სამართლიანად გადაწყვიტოს, რასაც კანონმდებელი წერს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა დღევანდელ რიგგარეშე კონფერენციაზე ერთობლივი მიმართვა დღეს მიიღეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საჭიროდ მიაჩნიათ, შეაფასონ ის არაჯანსაღი პროცესები, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები