ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებს – „დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი“

„მე დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი“, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეთა დღევანდელ რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას.
სიტყვით გამოსვლისას, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ მას იგივე სიტუაცია გაახსენა, რაც იუსტიციის საბჭოს სხდომებზე ხდება, რასაც დარბაზიდან რეპლიკები მოყვა.
„არ მეგონა, რომ 279 ადამიანი შეიკრიბებოდა, რომ ჩემი და ანა დოლიძის მიმართ გამოეთქვა ასეთი კრიტიკული მოსაზრებები. მე დღეს ვხედავ, რომ ყველა ადამიანი, ვინც გამოდის, არის ერთ აზრზე. ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ იგივე სიტუაციას, რასაც ვხედავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მე დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის კლანი. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დღეს არ უსაუბრიათ, დააფიქსირებენ განსხვავებულ აზრს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მანამდე კი მოსამართლეები, რომლებიც სიტყვით გამოდიოდნენ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს აკრიტიკებდნენ და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების უკეთესად გაცნობისკენ მოუწოდებდნენ. ასევე, მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მიუღებელია, როდესაც კლანურ მმართველობაზე კეთდება განცხადებები და მათ შორის, საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლაზე. კონფერენციის მონაწილე მოსამართლეები მიუღებლად მიიჩნევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების წევრების გათავისუფლებას და სასამართლოში კლანურ მმართველობაზე გაკეთებულ განცხადებებს.
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე მთავარი სასაუბრო საკითხი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. კონფერენციაზე დასასწრებად, რეგისტრაცია 279-მა მოსამართლემ გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები