მაია ლაგვილავა: წითელაზე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში 17 000-მდე პირია აცრილი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას ინფორმაციით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული, ხოლო რაც შეეხება წითელას, მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, შესაბამის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში 17 000-მდე პირია აცრილი.
„სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალი რისკის ჯგუფის პირებს, ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინით. დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, გამოიყენონ ეს შანსი, იზრუნონ თავიანთი და მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.
რაც შეეხება წითელას, სამწუხაროდ, ფიქსირდება შემთხვევების მატება. დღეის მდგომარეობით, წითელათი 600-მდე დაავადებული პაციენტია დაფიქსირებული. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს წითელას უფასო ვაქცინაციას და შესაბამის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში უკვე 17 000-მდე პირია აცრილი.
წითელას თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები შაბათ-კვირის განმავლობაში, გახანგრძლივებული დღის რეჟიმით იმუშავებენ – საღამოს 22:00 საათამდე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს წითელაზე უფასოდ აცრის ჩასატარებლად“, – განაცხადა მაია ლაგვილავამ.