ვიდეორგოლი – უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად
ევროინტეგრაციის მომხრე უკრაინელი მომიტინგეების სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზიამ – “GeolibTV“- მ ვიდეორგოლი დაამზადა. ვიდეორგოლში ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მონაწილეობენ. როგორც პორტალ “კვირას“ გიორგი კეკელიძემ განუცხადა, ხსენებული ვიდეორგოლის მიზანს უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის დაფიქსირება წარმოადგენს. “ეს ვიდეორგოლი ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტტელევიზია “GeolibTV“-ის მიერ დამზადდა. მასში მონაწილეობას ჩვენი ბიბლიოთეკის თანამშრომლები, განყოფილების უფროსები და მეც შევუერთდი. პირადად, ჩემი პოზიცია შემიძლია გამოვხატო და ვთქვა, რომ თავიდან ბოლომდე ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს და ამ ოჯახთან ინტეგრაციის მომხრეების სულისკვეთებას“,- განუცხადა პორტალ “კვირას“ გიორგი კეკელიძემ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რამდენიმე ხნის წინ დროებით ლოგოს ფერები შეცვალა.