ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში საქართველოს საკითხებზე ახალი მომხსენებელი დაინიშნა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოს თანამომხსენებლად ფრანგი სენატორი, კლოდ კერნი დაამტკიცა.
ფრანგმა სენატორმა შვედი დეპუტატი კერსტინ ლუნდგრენი ჩაანაცვლა, რომელიც შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას გამოეთიშა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, „დამტკიცდა ახალი თანამომხსენებელი, ფრანგი სენატორი, ბატონი კლოდ კერნი, რომელიც ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია.
ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს საქართველოს საკითხზე ორი თანამომხსენებელი ჰყავს. ერთ-ერთი მომხსენებელი, რუმინელი დეპუტატი ტიტუს კორლატეანი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრი, კვლავ რჩება მომხსენებლად, მეორე თანამომხსენებელი კი, ფრანგი სენატორი, კლოდ კერნია, რომელიც მომავალი 5 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად იმუშავებს”, – განაცხადა სტრასბურგში მყოფმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.