“აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ახალქალაქის მუციპალიტეტში ავაგიანის ძეგლის გახსნის შესახებ სიცრუეა”

აზერბაიჯანულმა მედიამ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ, ბუღაშენში მიხეილ ავაგიანის ძეგლის გახსნის შესახებ, მკითხველს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა – ამის შესახებ „კვირას“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იური უნანიანმა განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ ზერბაიჯანულმა მედიამ მიხეილ ავაგიანის ძეგლის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რის გამოც „კვირა“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა.

როგორც იური უნანიანმა განაცხადა, მიხეილ ავაგიაანის ძეგლი სოფელ ბუღაშენში, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1994 წლიდან დგას.
როგორც უნანიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ძეგლი მაშინაც და ახლაც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიდგა, ამჟამად კი მიხეილ ავაგიანის ბიუსტი რკინის კონსტრუქციით შემოსაზღვრეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი „კვირასთან” საუბრისას განმარტავს, რომ არც მერიას და არც საკრებულოს 1 თეთრიც არ დაუხარჯავთ. მისივე თქმით, სოფელ ბაღაშენის მოსახლეობამ ფული შეკრიბა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ერთი დღით ადრე მიიწვიეს.
„ერთი წელიწადია ახალქალაქის მერი ვარ და სოფელ ბაღაშენში რომ ეს ძეგლი იდგა, არც კი ვიცოდი. როგორც თანასოფლელებმა მითხრეს, ფული შეაგროვეს და ძეგლი შემოღობეს. ჩვენ, როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ერთი დღით ადრე დაგვპატიჟეს. მე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რა მორალური უფლება მქონდა, რომ მოსახლეობის თხოვნა არ გამეთვალისწინებინა და ღონისძიებაზე არ მივსულიყავი, მით უფრო, რომ ეს ძეგლი 1994 წლიდან იმ სოფელში დგას. მაშინაც, ეს ძეგლი იმიტომ დადგეს, რომ მიხეილ ავაგიანი წარმოშობით სოფელ ბუღაშენიდან იყო.
თანასოფლელებმა პატივი სცეს და მას ძეგლი დაუდგეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1994 წელს. მე ხალხმა ამირჩია თანამდებობაზე და რა უფლება მქონდა, რომ მოსახლეობის თხოვნისთვის უარი მეთქვა. ამიტომ მე, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ჩვენი რაიონის დეპუტატი ენძელ მკოიანი სოფელში ჩავედით და ღონისძიებას დავესწარით“, – განუცხადა „კვირას“ ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.
ამასთან, როგორც იური უნანიანმა აღნიშნა, მან აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, ქართველი ჟურნალისტებისგან შეიტყო.
ახალქალაქის მერი ამბობს, რომ წინა საუკუნის დროს დადგმული ძეგლი, ახლა რატომ გახდა განსჯის საგანი. მით უფრო რომ, ამ ძეგლის დადგმიდან 25 წელი გავიდა.
„25 წელია ეს ძეგლი აქ დგას, მე არც კი ვიცი, ვინ ან რატომ გაღიზიანდა“, – ამბობს „კვირასთან“ ინტერვიუს დროს ახალქალაქის მერი.
ცნობისათვის, დღეს, აზერბაიჯანულ მედიაში მიხეილ ავაგიაანის ძეგლის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ 23 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სომეხი სეპარატისტის და ტერორისტის მიხელ ავაგიანის, რომელიც ყარაბაღში აზერბაიჯანული მოსახლეობის გენოციდში იღებდა მონაწილეობას, ძეგლი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები